ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ეროვნულ თანხმობაზე ვერ განმუხტავს ქვეყანაში არსებულ კრიზისს. ორბელიანის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ ბოკერიამ თქვა, რომ მადლობას უხდის პრეზიდენტს მიწვევისთვის და თანხმობის ინიციატივის გაჟღერებისთვის, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამას შედეგი ექნება.

"ეს პროცესი არ უკავშირდება და ვერც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის [...] ძალიან მიკვირს იმათი, ვინც ისეთი ტიპის განცხადებები გააკეთა, რითიც იმედი გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც ისეთი პროცესი დაიწყო, რომელიც ახლა ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანს, სადაც არის ქვეყანა ამ წამს.

რიტორიკა, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. შეუძლებელია რამე შეიცვალოს, თუ მათი იძულება არ მოხდა. ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

16 დეკემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, რომელზეც როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.

საახალწლო მიღების შემდეგ პრეზიდენტი ეროვნულ თანხმობაზე სასაუბროდ ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს პოლიტიკოსებთან, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და სახელმწიფო ინსპექტორთან.

გაიგე მეტი: