რეგულაცია თუ თვითრეგულაცია — დისკუსია

მედიაწიგნიერების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება ბრიტანეთის ელჩმა, კლერ ოლბლესმა, ლატვიის ელჩმა, კლავს სნიედზემ, მედიის განვითარების ბალტიის ცენტრის წარმომადგენელმა, გუნთა სლოგამ და მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ ხორბალაძემ გახსნეს.

ფოტო: MDF

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი, ღია საზოგადოება ფონდის მედიის პროგრამის მენეჯერი, ხატია ჯინჯიხაძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი, ივანე მახარაძე, პარტია ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი მონაწილეობდნენ. სესიას მოდერაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედია პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე უწევდა.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მედიის რეგულირებისა და თვითრეგულირების შესახებ. როგორც თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, როდესაც მედია არის შეუწყნარებელი რიტორიკის სამიზნე, ვიწროვდება სივრცე ჯანსაღი პროფესიული დისკუსიისთვის. მისი თქმით, ამ პირობებში არის საშიშროება, რომ კანონი გამოყენებული იყოს არასწორად.

ფოტო: MDF

"ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს საფრთხეები, რომლებიც მოდის სხვადასხვა გარე აქტორიდან. ასევე, შიდა პოლიტიკური პროცესი არის პოლარიზებული, რა დროსაც მედიას განიხილავენ პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად და ამ რთულ გარემოში მთელი რესურსის მობილიზება ხდება იმისთვის, რომ განადგურდეს ის მედია, რომელსაც ძალაუფლების მქონე ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. როდესაც მედია არის სამიზნე, როგორც შეუწყნარებელი რიტორიკის დონეზე, ასევე, ძალადობრივადაც (5 ივნისს რაც ვნახეთ), ეს ავიწროებს სივრცეს ჯანსაღი პროფესიული დისკუსიისთვის, რაც ძალიან გვჭირდება", — თქვა მან.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მედიაში დამატებითი რეგულაციების მომხრე არ არის. მან აღნიშნა, რომ საჭიროა მოქალაქე გავაძლიეროთ ცოდნითა და უნარებით, რათა გაიკვლიოს გზა "ინფორმაციულ ჯუნგლებში".

"რეგულაციები არ არსებობს აბსტრაქციაში. როგორც წესი, მას ჰყავს აღმსრულებელი. რეალურად, დღეს, საქართველოში, ფაქტია, რომ ინსტიტუტები ცუდად ან არაეფექტურად ფუნქციონირებენ და ასეთია საზოგადოებაში მათი აღქმა. სულ გადასარევი რეგულაციები რომ დავწეროთ კანონში, ყველა საერთაშორისო სტანდარტი რომ გავითვალისწინოთ და არაჩვეულებრივი კანონები შევქმნათ, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ინსტიტუციურად ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ამ რეგულაციების სულისკვეთება იყოს პრაქტიკაში სწორად გატარებული", — თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

თუ ადამიანი, მოქალაქე არ ეძებს ინფორმაციას, შეიძლება შემდეგ ინფორმაციამ იპოვოს ის და ეს ინფორმაცია არ აღმოჩნდეს ისეთი ხარისხიანი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია

თამარ კინწურაშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა, ივანე მახარაძემ აღნიშნა, რომ თვითრეგულირება არის დანამატი და არა ჩანაცვლება.

"როდესაც ევროპულ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, თვითრეგულირება არ არის ჩანაცვლება არსად. თვითრეგულირება არის დანამატი, ყოველთვის და ყველგან. ის ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ჰქონდეს ეფექტიანი მექანიზმები, როდესაც რაღაც არ მუშაობს", — თქვა მან.

მისი თქმით, კანონპროექტში, რომელიც არის შემუშავებული, ყველა საკითხზეა შეთანხმება, გარდა იმისა, სიძულვილის ენა უნდა იყოს რეგულირებული თუ თვითრეგულირებული. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა კი აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის ცალსახა დეფინიციაც არ არსებობს, შესაბამისად, რთულია კონკრეტულად ითქვას, რა შემთხვევაში უნდა დადგინდეს დარღვევა. დისკუსიაში მონაწილეთა აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს სელექციური მიდგომა, რაც უარყოფითად იმოქმედებს მედიის დამოუკიდებლობაზე.

დისკუსიის დროს ღია საზოგადოების ფონდის მედიის პროგრამის მენეჯერმა, ხატია ჯინჯიხაძემ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან თაროზე დევს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელმაც, მისი თქმით, ყველანაირი შეფასება გაიარა. მისი აზრით, თუ რაიმე უნდა მივიღოთ, უმჯობესია დავამტკიცოთ კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.

მასწავლებლების დაჯილდოება

პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიებაზე 2021 წელს სკოლებში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს. მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ, მათ შორის, ქართლიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, რაჭიდან და თბილისიდან.

ფოტო: On.ge

ლაგოდეხის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მასწავლებელმა, იზოლდა ბოჭორიშვილმა დაჯილდოებაზე აღნიშნა, რომ ყველა პრობლემის სათავე სწორედ ნაკლები განათლებაა.

"ჩემი პროექტი, გარკვეულწილად, ეხმიანება იმას, რომ ბავშვებს დაწყებითი კლასიდან ავუხსნათ, რა არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა გაერკვიონ იმ ლაბირინთში, რასაც ინტერნეტში უზღვავი ინფორმაცია სთავაზობს. შევეცადე, ბავშვებს საწყისი მარცვლები მიეღოთ, საწყისი ინფორმაცია, როგორ უნდა შექმნან ინტერვიუ. თუნდაც კურდღელთან ჩაწერონ, ან ღრუბელთან, მათ უნდა იცოდნენ ძირითადი პრინციპები, რათა შემდეგ კარგად გაარჩიონ, რას სთავაზობენ ნამდვილი ჟურნალისტები და რამდენად ეფექტურია ეს. ყველა პრობლემის სათავე არის ნაკლები განათლება და ყველა პრობლემის მოგვარების გზა არის მეტი განათლება", — თქვა მან.

მასწავლებლებმა ხაზი გაუსვეს, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სკოლის ასაკიდანვე დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

მედიაწიგნიერების ყოვლისმომცველი მიდგომა და განვითარება საქართველოში

კვლევა, მედიაწიგნიერების ყოვლისმომცველი მიდგომა და განვითარება საქართველოში, ლატვიაში, მოლდოვასა და უკრაინაში, Baltic Centre for Media Excellence-მა (ლატვია), მედიის განვითარების ფონდმა (საქართველო), დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრმა (მოლდოვა) და უკრაინის მედია და კომუნიკაციის ინსტიტუტმა მოამზადეს.

ფოტო: On.ge

საქართველოში მედიაწიგნიერების საკითხები საკანონმდებლო დონეზე პირველად ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2011 წელს აისახა. ციფრული და მედიაწიგნიერება, როგორც ზოგადი წიგნიერების აუცილებელი კომპონენტები, 2018 წლიდან დღემდეა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. თუმცა მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე საგანი, სკოლებში არ ისწავლება. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, MDF ადვოკატირებენ, რომ მედიაწიგნიერება ცალკე საგანი იყოს.

კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა სტრატეგიულ საკითხებზე საერთო კონსენსუსი არ არსებობს. ამასთან, საჭიროა, შეიქმნას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ფორმატი, რაც უზრუნველყოფს უნდობლობის აღმოფხვრას, პოლიტიკურ ნეიტრალურობას და საბოლოოდ მედია მომხმარებლების მედეგობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საჭიროა სკოლის სასწავლო გეგმაში მედიაწიგნიერების სავალდებულო საგნად შემოღება. ასევე, მედიაწიგნიერების კომპონენტების დანერგვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ გასართობი შინაარსის მასალებში.

"საზოგადოების მედეგობის გაძლიერებისთვის მომზადებული პროგრამების ფარგლებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა ითანამშრომლოს არასახელმწიფო აქტორებთან, რათა ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების ინიციატივებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს.

გამოიკვეთა აშკარა კოორდინაციის პრობლემა დონორებს შორის, რომლებიც ხშირად გადამფარავ რეგიონებსა და სამიზნე აუდიტორიას ირჩევენ და ზოგიერთ უფრო მოწყვლად აუდიტორიას უგულებელყოფენ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვაზე უნდა ითანამშრომლონ", — ვკითხულობთ კვლევაში.

ფოტო: On.ge

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვაგვარი საგანმანათლებლო კამპანია აწარმოა, რაც პრობლემური საკითხებისა და მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ეს საკითხები მოიცავს სიძულვილის ენას, კიბერუსაფრთხოებას, ყალბ ანგარიშებს სოციალურ ქსელში და სხვა.

მედიის განვითარების ფონდი ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ცალკეული კამპანიების გარდა, MDF-ს მედიაწიგნიერების რესურსების ბაზა — Millab.ge — აქვს, სადაც თავმოყრილია სტატიები, თამაშები, ქვიზები, სასარგებლო ბმულები თუ პუბლიკაციები, რომლებიც ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.