ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს იმუნიზაციის საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ ბუსტერ დოზის ჩატარება ყველა ვაქცინისთვის მესამე თვიდან გახდეს შესაძლებელი. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თუ აქამდე ბუსტერ დოზა შესაძლებელი იყო ფაიზერის ვაქცინაციის და ასტრაზენეკას ვაქცინაციის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო სინოფარმის და სინოვაკის მეორე დოზის ჩატარებიდან სამ თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან. ეს პროცესი შესაძლებელია, რომ უკვე აქტიურად დაიწყოს ძალიან მალე და მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება გაიკეთოს ბუსტერ დოზა მალე", — განაცხადა მან.

გაბუნია თქმით, გადაწყვეტილება ხვალ მინისტრის ბრძანებაში აისახება, ხოლო ცვლილება ძალაში ორშაბათიდან შევა. მისივე განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებასთან ერთად ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთების აუცილებლობა აშკარაა.