ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმდჯომარედ პარტია საქართველოსთვის წევრის არჩევით ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიცია "ოფიციალურად გაფორმდა".

სუბარი ფიქრობს, რომ პარტიებმა, შესაძლოა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც შექმნან ალიანსი და ამით განვითარების შეფერხებას შეეცადონ, თუმცა ამბობს, რომ მათი მცდელობა "კრახისთვისაა განწირული". სუბარის მტკიცებით, ქართული ოცნება გარანტიაა, რომ რეგიონების განვითარებას საფრთხე არ შეექმნება.

"მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობასა და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი ნაციონალური მოძრაობის სრული მხარდაჭერით გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია", — განაცხადა სუბარმა ბრიფინგზე.

გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწმუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ დღეს, 23 დეკემბერს აირჩიეს. მას სხდომაზე მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. წურწუმამ 14 ხმა მიიღო.

კენჭისყრაში 15 დეპუტატი — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და პარტია საქართველოსთის წევრები მონაწილეობდნენ. სხდომაზე ერთი ბიულეტენი გაბათილდა. კენჭისყრაში ქართული ოცნების დეპუტატები მონაწილეობას არ იღებდნენ.