რაიან რეინოლდს რომ ბევრი არაფერი ადარდებს, ეს კარგად მოგვეხსენება, მაგრამ თურმე არც იმით იწუხებს თავს, სხვებს თავისი ვინაობა შეახსენოს. ჰო, როგორც ჩანს, ასეთებიც არსებობენ — კანადელი მსახიობის თქმით, პიცის ახლომდებარე რესტორანში წლებია, ჰგონიათ, რომ იგი ბენ აფლეკია.

"ნიუ-იორკში, ისტ ვილიჯში, პიცის რესტორანია, სადაც რამდენიმე წელია, რაც დავდივარ", — აღნიშნავს რეინოლდსი ერთ-ერთ პოდკასტერთან საუბარში, — "ჰგონიათ, რომ ბენ აფლეკი ვარ, მე კი მათთვის არასდროს შემისწორებია".

ფოტო: Evan Agostini/Invision/AP

თუმცა, რეინოლდსმა იქვე განმარტა, რომ სხვის ვინაობას თავის სასარგებლოდ არასდროს იყენებს.

"ამით არაფერს ვიღებ — არც პიცას მაძლევენ უფასოდ", — ჰყვება მსახიობი, — "ყველაფერს ჩვეულებრივად ვაკეთებ, როგორც სხვები. უბრალოდ, ჰგონიათ, რომ ბენ აფლეკი ვარ. მეკითხებიან, ჯეილო როგორ არისო — 'კარგად, კარგად' — ვპასუხობ, ვიღებ პიცას და მივდივარ. ამ დროს მგონია, რომ ფიქრობენ, ბენ აფლეკს ჩვენ და ჩვენი კითხვები დიდად არ მოვწონვართო".

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რაიანი და ბენი ერთმანეთში აერიათ. 2015 წელს ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა, ვინმე მართლა თუ არჩევთ რეინოლდს და აფლეკს ერთმანეთისგანო.

"დედა, ტვიტერს მოშორდი, გთხოვ. ახლავე", — უპასუხა ტვიტს რაიანმა.