საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ 5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისზე თავდამსხმელების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს. ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი პროცესები სახელმწიფოს რეალურ მიზნებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

"სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკის ნაწილი — უარი თქვას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ სათანადოდ ბრძოლასა და მოძალადეების დასჯაზე. დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც მოძალადეთა გათავისუფლებას დიდი ხანია ითხოვენ ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის ალტ-ინფო. მსგავსი მოწოდებებით აქცია დაანონსდა 24 დეკემბერსაც, ამგვარი თანადროული პროცესი კი დამატებით კითხვებს აჩენს სახელმწიფოს რეალურ ზრახვებთან დაკავშირებით", — აცხადებს GDI.

5 ივლისს თბილისის პრაიდის ოფისში შეჭრაში ბრალდებული 3 პირი დღეს საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე, დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.