პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა. უწყებაში ამბობენ, რომ მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

"შესაბამისად, მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

ინფორმაციისთვის: გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია", — აცხადებენ უწყებაში.

20 დეკემბერს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და ამის შემდეგ მიმართა უწყებებს, რომ სააკაშვილის სანახავად შეუშვან.

10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ. მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია. იდეას გამოეხმაურა მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სწორად დანახული დინამიკაა.