სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის განუყოფელი და წამყვანი ასპექტია მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. სექსუალობა გავლენას ახდენს ადამიანების აზრებზე, გრძნობებზე, ქმნის მოტივაციას იმისთვის, რომ ადამიანებმა იპოვონ საყვარელი ადამიანი, სითბო და ინტიმური ურთიერთობები. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა განსაზღვრავს ადამიანის ისეთ მთავარ ღირებულებებს, როგორიცაა: სიყვარული, გამრავლება, ოჯახი, კომუნიკაცია, სიამოვნება, ინტიმურობა, გენდერული იდენტობა, სოციალური ურთიერთობები, პიროვნების განვითარება და სხვა. ახალგაზრდებს უფლება აქვთ მიიღონ სანდო, მეცნიერულად დასაბუთებული და ამომწურავი ინფორმაცია სექსუალობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

1970-იან წლებში, ევროპის რიგ ქვეყნებში სასკოლო პროგრამებში დაინერგა სექსუალური განათლება. ამის შემდეგ, მშობლები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკოსები ბევრს კამათობდნენ. ხშირად, ძალიან პოლარიზებულ დებატებშიც კი შედიოდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ასაკში უნდა ესწავლათ მოსწავლეებს აღნიშნული საკითხები სკოლებში. საქართველოში, სასკოლო სტანდარტებში ასახულია რიგი საკითხები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, თუმცა, ამ თემების სწავლება დღემდე მგრძნობიარე საკითხად რჩება და საზოგადოებაში ჰყავს ანტაგონისტურად განწყობილი მხარეც. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას სკოლის ფორმალურ გარემოში ბევრი მომხრეც ჰყავს — როგორც მშობლების, ახალგაზრდების, ასევე, ზოგიერთი დაინტერესებული და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანების სახით.

ზოგადად, რა იგულისხმება და მოიაზრება სექსუალურ განათლებაში? ბევრ ოპონენტს ჰგონია, რომ სექსზე საუბარი. მათ გასაწბილებლად უნდა ითქვას, რომ სექსუალური ჯანმრთელობის საკითხები ბევრად ფართო ცნების მატარებელია და მოიცავს ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებსა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს. მისი სწავლება ემსახურება ორ ძირითად მიზანს: პირველი -—ახალგაზრდებში აივ-ის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკას, აბორტისა და არასასურველი ორსულობის პრევენციას და ბავშვებში სექსუალური ძალადობის აღკვეთას; მეორე — სექსუალური განათლებას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა ადამიანების კეთილდღეობას, ცხოვრების ხარისხისა და ურთიერთობების გაუმჯობესების გზით.

ახლა კი, ვისაუბროთ იმაზე, რა სარგებლობა მოაქვს სქესობრივ განათლებას ახალგაზრდა ადამიანებისთვის.

  • უვითარებს იმ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანებად;
  • მათ ექნებათ შესაძლებლობა ცხოვრებისეულ გამოწვევებს უპასუხონ დამაჯერებლად;
  • რაც მეტი ეცოდინებათ ახალგაზრდებს საკუთარი სხეულის, შეგრძნებების, ემოციების შესახებ, მით უფრო ადვილად გაართმევენ ცხოვრებისეულ პრობლემებს თავს;
  • ჩამოუყალიბდებათ მოვალეობები და პასუხისმგებლობები საკუთარ ქცევაზე;
  • ახალგაზრდებს ეცოდინებათ, როგორ დაიცვან საკუთარი თავი და სხვებიც იმ ქმედებებისაგან, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს არასასურველი და სახიფათო შედეგები;
  • არ შელახავენ და დაარღვევენ სხვა ადამიანების უფლებებს.

შესაძლოა, დაინტერესდეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებს ჰქონდეთ ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, კონტრაცეფცია და აბორტი.

ახალგაზრდა ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ჩნდება და ვლინდება დიდი ინტერესი სქესობრივი კავშირის მიმართ. მოზარდები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ადრეულ ასაკში ორსულობას და მშობიარობას, აბორტს, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს და სხვა. თუ ახალგაზრდა არ არის მომზადებული და კარგად ინფორმირებული სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე, ჯანმრთელობის რისკებიც შესაბამისად მატულობს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რატომღაც სპეციალისტები ახალგაზრდებთან ამ საკითხებზე ნაკლებად საუბრობენ. სამწუხაროდ, დღემდე ტაბუდადებულ თემებად რჩება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები ფართო საზოგადოებისთვის, რის გამოც, უამრავი ადამიანი იტანჯება და განიცდის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ახალგაზრდა ადამიანები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში არიან შესაბამისად მომზადებულები სქესობრივი ცხოვრებისათვის. ინფორმაციის დეფიციტის გამო, ისინი პოტენციურად მოწყვლადი არიან ძალადობისა და შეურაცხყოფის, ასევე არასასურველი ორსულობის, აივ-ის და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების მიმართ. ბევრი ახალგაზრდა ისე გადადის ზრდასრულ ასაკში, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო და დამაბნეველი ინფორმაცია აქვს სექსუალობისა და გენდერული საკითხების შესახებ. ხშირად, ახალგაზრდა ადამიანებს ერიდებათ ღიად ისაუბრონ და განიხილონ სექსუალური საკითხები, იმ ფონზე, როდესაც ამას უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება ზრდასრული ადამიანების, მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან. არადა, ასეთი დისკუსიები და საუბრები განსაკუთრებით საჭიროა ახალგაზრდებისათვის.

თუ ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც ახალგაზრდებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვთ, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ახალგაზრდები და გავაუმჯობესოთ მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტატუსი. შემდეგ, აუცილებელია, მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაბამისი სერვისები, რომელიც მოიცავს:

  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სწორ ინფორმაციას;
  • კონტრაცეფციის მეთოდების დიაპაზონის შესახებ ინფორმაციას;
  • ხარისხიან კონსულტირებას, მეანურ და ანტენატალურ ზრუნვას ყველა ორსულისთვის;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის პრევენციასა და მართვას;
  • ახალგაზრდებისათვის ცხოვრებისეული უნარების განვითარების შესაძლებლობების მიცემას;
  • იმის უზრუნველყოფას, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ ორსულობის და აივ ინფექციის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის საშუალებებისადმი;
  • უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას, რომელიც არ მოახდენს ახალგაზრდების დისკრიმინაციას და არ შეზღუდავს მათთვის სერვისების ხელმისაწვდომობას.

დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ სექსუალური განათლება, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებში შეამცირებს სარისკო ქცევებს. ისინი ცხოვრებისეულ საკითხებს მეტად გაცნობიერებულად მიუდგებიან, იქნებიან ჰარმონიულად საკუთარ თავთან, დაიცავენ და პატივს სცემენ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების უფლებებს.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა 2018 წლიდან აქტიურად საქმიანობს აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით. 2020 წელს, თბილისში გაიხსნა "AHF საქართველოს" ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება ნებისმიერი მოქალაქისთვის. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრი ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადება-გავრცელებას, კონსულტაციების და ვებინარებს ჩატარებას აივ ინფექცია/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათი პრევენციის და პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ.

უფასო და ანონიმური ტესტირების და უფასო კონსულტაციისთვის აივ/შიდსზე, სგგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მიმართეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.#37დ. ან დაგვიკავშირდით freehivtest-ge.org.