ბრიტანელ მწერალთან და პოტერიადის შემქმნელთან, ჯოან როულინგთან გასამიჯნად გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ქვიდიჩის ასოციაციები სახელის შეცვლას აპირებენ. ასოციაციების თქმით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი როულინგის მიერ გაკეთებული ტრანსფობიური განცხადებებია, მეორე მხრივ კი, სახელ ქვიდიჩზე საავტორო უფლებები Warner Bros.-ს ეკუთვნის.

ქვიდიჩი, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროში ჯადოქრების თამაშია, სპორტის რეალურ სახეობად იქცა. თუმცა, "მაგლების სამყაროში" მას არა მფრინავ ცოცხებზე ამხედრებული, არამედ ჩვეულებრივ მოედანზე თამაშობენ ხოლმე. ამ თამაშსაც ქვიდიჩი ჰქვია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით — აშშ-ის ქვიდიჩის და ქვიდიჩის მთავარი ლიგის ასოციაციებმა წინა კვირას სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მომდევნო თვეების განმავლობაში ასოციაციები გამოკითხვების საშუალებით ახალ სახელს აირჩევენ.

"სპორტის ჩვენმა სახეობამ სახელი გაითქვა, როგორც პროგრესულმა თამაშმა, გენდერული თანასწორობითა და ინკლუზიურობით", — წერია ასოციაციების გავრცელებულ განცხადებაში, — "კერძოდ, იმ წესით, რომელიც მოედანზე მყოფ გუნდში ერთი სქესის ოთხ წარმომადგენელზე მეტს ზღუდავს".

ასოციაციები ასევე იმედოვნებენ, რომ სახელის შეცვლით სპორტის სახეობა უფრო განვითარდება და დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს.

"ჯოან როულინგთან გამიჯვნა ჩვენს თამაშს და საზოგადოებას ინკლუზიური სივრცის რეპუტაციას შეუნარჩუნებს", — დასძენენ ასოციაციები, — "რადგან სპორტის ჩვენი სახეობის ქვაკუთხედი ყველა პიროვნების ინკლუზიურობაა, განურჩევნად მათი რასისა, სქესისა, გენდერული იდენტობისა თუ წარმომავლობისა. არ შეიძლება, ჩვენს თამაშს ქვიდიჩს ვუწოდებდეთ და ჯოან როულინგთან ვიყოთ ასოცირებული, მაშინ, როცა იგი ტრანსგენდერი სპორტსმენებისა და სპორტული საზოგადოების სხვა წევრებისადმი ზიანის მომტან და სიძულვილით სავსე კომენტარებს აკეთებს".

ფოტო: Gareth Davies / Getty Images

იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მიზეზი დიდწილად მისი შეხედულებები გახდა — მწერალი არაერთხელ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.

თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". ბოლოს, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.

კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. პოტერიადის შემქმნელი არც ჰარი პოტერის ფილმების 20 წლის საიუბილეო გადაცემაში მიუწვევიათ. რამდენიმე კვირის წინ როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.

მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.

რამდენიმე დღის წინ როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".

"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა ტვიტში.