არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად გვიმტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და რომ თუ მოვინდომებთ, ყველაფრის მოსწრება შეგვიძლია. მათ რიგებს მიეკუთვნება ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საქართველოს ბანკის iOS დეველოპერი, ნიკოლოზ ფირცხალავა. ნიკოლოზმა დინამოში თამაში 16 წლის ასაკში დაიწყო და კარიერის შექმნის პარალელურად ფიზიკის მაგისტრიც გახდა. მას შემდეგ კი, რაც სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა, 26 წლის ასაკში ახალი პროფესიის დაუფლება დაისახა მიზნად და ამ მიზანს მიაღწია კიდეც. ნიკოლოზი, რომელიც ადრე ევროტურნირებზე თამაშობდა, ახლა საქართველოს ბანკში ფიზიკური პირებისთვის მობილური ბანკის — mBank აპლიკაციაზე მუშაობს და თავის საქმეს წარმატებით ართმევს თავს. ამ სტატიაში სწორედ მის პროფესიულ საქმიანობაზე და იმაზე გიამბობთ, თუ რა გზა გაიარა ნიკოლოზმა ფეხბურთელობიდან დეველოპერობამდე.

განათლება და პირველი ნაბიჯები ფეხბურთის სამყაროში

"ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკიდან დავიწყე. მახსოვს, ეს მამაჩემის გადაწყვეტილება იყო. ამის მერე სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩოგბურთის თამაშიც არ გამომდიოდა ურიგოდ. სპორტის გარდა, მშობლები ჩემს განათლებასაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მამა ბიოფიზიკოსი მყავს და ფიზიკა-მათემატიკასთან ბავშვობიდან მქონდა შეხება. მაშინ ვერ ვაანალიზებდი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. სკოლის გამო ხშირად ვარჯიშის გაცდენა მიწევდა, თუმცა, მეც, როგორც ყველა ბავშვს, გაკვეთილზე ჯდომას ბურთის გაგორება მერჩივნა", — გვიყვება ნიკოლოზი.

ყოფილი სპორტსმენი მე-9 კლასამდე, რამდენიმე წლის მანძილზე კომაროვში სწავლობდა, შემდეგ კი ფიზიკურ-მათემატიკურ ლიცეუმში გააგრძელა განათლების მიღება. აქ სწავლის პერიოდში ყოველ წელს იღებდა მონაწილეობას ფიზიკის ოლიმპიადებში და არც ისე ურიგო შედეგები ჰქონდა. მისი თქმით, სწავლის და სპორტის შეთავსება მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, არც შეუძლებელი.

ფოტო: ნიკოლოზ ფირცხალავა

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩააბარა, აქვე დაამთავრა მაგისტრატურა და ბოლოს დოქტორანტურაზეც გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. ამ დროს 26 წლის იყო და სპორტისთვის თავის დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ჯერ არ იცოდა, თუ რა მიმართულებით გააგრძელებდა საქმიანობას.

სპორტსმენის თქმით, ჩვენს ქვეყანაში მეცნიერება ნაკლებადაა დაფასებული და ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად ადამიანებს რთული გზის გავლა უწევთ. ამიტომ, ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ახალ პროფესიას დაუფლებოდა თუ ფიზიკის დარგში მოღვაწეობა უცხოეთში გაეგრძელებინა.

თბილისის დინამოში

სწავლის პარალელურად არც ფეხბურთს აკლებდა ყურადღებას. ხშირად ვარჯიშისა და თამაშის გამო ლექციებსაც აცდენდა, მაგრამ ორივეს მაინც წარმატებით ართმევდა თავს. 16 წლის ასაკში, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ნიკოლოზი დინამოს აკადემიაში ჩაირიცხა და, როგორც თვითონ ჰყვება, სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ფეხბურთელობა.

"16 წლის ასაკში პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ცხადია, სწავლისთვის თავი არ დამინებებია, მაგრამ ვარჯიშების გაცდენის უფლება უკვე აღარ მქონდა. 18 წლის ასაკში კახა ცხადაძემ უკვე დიდ გუნდში გადამიყვანა. ჩემზე ბედნიერი მაშინ არავინ იყო. დინამოს მაისურით თამაში განსაკუთრებით საამაყო და საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის".

დინამოში 8-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში გახდა როგორც საქართველოს ჩემპიონი, ასევე თასისა და სუპერთასის მფლობელიც. გარდა ამისა, ბევრ ქართველ და უცხოელ მწვრთნელთანაც მოუწია თანამშრომლობა, რომელთაგან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მისთვის კახა კაჭარავა და დუშან უჰრინი იყვნენ.

ფოტო: ნიკოლოზ ფირცხალავა

ნიკოლოზის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დინამოს მუდამ მაღალი მიზნებისთვის უწევდა ბრძოლა, ხშირად ხვდებოდნენ ევროასპარეზზე და ყოველ წელს უწევდათ ევროტურნირზე თამაში.

"იმ ემოციას, რასაც სავსე ტრიბუნის წინ თამაშისას განიცდი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ერთხელ, საბერძნეთში ადგილობრივი პანათინაიკოსთან გვქონდა გასვლითი თამაში, რომელსაც 50 000 მაყურებელი ესწრებოდა. ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. ამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორიც ბრაზილიის ნაკრების და ლონდონის არსენალის კაპიტანი ჟილბერტო სილვა და საბერძნეთის ნაკრების ლიდერი გეორგიოს კარაგუნისი იყვნენ".

ფეხბურთელობა 26 წლის ასაკში ქუთაისის ტორპედოში დაასრულა, სადაც ორი დასამახსოვრებელი წელი გაატარა. სამწუხაროდ, ყოფილი სპორტსმენის საფეხბურთო კარიერა ხანმოკლე გამოდგა, რასაც იგი 20 წლის ასაკში მიღებულ მუხლის ტრავმას უკავშირებს.

"მარჯვენა მუხლზე ხუთი ოპერაციის გაკეთების შემდეგ შევეგუე, რომ ამ მუხლით დიდი დატვირთვის მიღება არ იქნებოდა მარტივი. ვატყობდი, რომ ფეხი ისე აღარ მომყვებოდა, როგორც იქამდე. გული მწყდება, რომ მწვანე მინდორზე ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვავლინე".

ფოტო: ნიკოლოზ ფირცხალავა

ტრავმირებული მუხლით თამაშის გარდა, ნიკოლოზმა საფეხბურთო კარიერიდან კიდევ ერთი რამ გაიხსენა, როდესაც დინამოში თამაშისას დონეცკის შახტართან ჰქონდათ ამხანაგური თამაში.

"ამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც მხოლოდ ტელევიზორში თუ მყავდა ნანახი. მათ შორის იყვნენ ვილაინ ბორჟეს და სილვა, დარიო სრნა, ფერნანდინიო და ა.შ. პირველ ტაიმში 1:0-ს ვამარცხებდით, შემდეგ კი ცვლილებები გააკეთეს და შვებით ამოვისუნთქე, ვიფიქრე, სათადარიგო ფეხბურთელები შემოჰყავდათ. ამ დროს ახალგაზრდა ბიჭი შემოიყვანეს, რომელსაც მთელი გუნდი დავდევდით, მაგრამ მაინც ვერ ვართმევდით ბურთს. ეს ბიჭი დუგლას კოსტა იყო, რომელიც მომავალში ჯერ ბაიერნში გადავიდოდა, შემდეგ კი იუვენტუსში და რომელსაც სხვებიც გამოეკიდებოდნენ და ჩემსავით ვერ წაართმევდნენ ბურთს. მაშინ მივხვდი, რომ ალბათ ჯობდა, ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა".

სპორტიდან დეველოპერების სამყაროში

ნიკოლოზი იხსენებს, რომ ამ დრომდე კომპიუტერულ მეცნიერებებთან შეხება თითქმის არ ჰქონია, თუმცა ყოველთვის აინტერესებდა, თუ როგორ იქმნებოდა მობილური აპლიკაციები თუ ვებ გვერდები და ფიქრობს, რომ სფეროს მიმართ ინტერესი სწორედ ამან გაუღვივა.

"ამ დროს რესურსების მოძიება დავიწყე, Coursera-ზე ანდროიდ დეველოპმენტისა და Java-ის კურსებზე დავრეგისტრირდი. კურსების დასრულების შემდეგ კომპანია Mobility-ის სტაჟირების პროგრამაზე გავგზავნე CV და სწორედ აქედან მოვხვდი დეველოპერების სამყაროში".

დეველოპერის კარიერა Android Development-ით დაიწყო. პირველი აპლიკაცია, რომელზეც ნიკოლოზს უმუშავია, Weather in Georgia იყო, რომელიც Accuweather-ის Api-ის იყენებდა და რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით ამინდის პროგნოზის გაცნობა შეეძლო. შემდეგი დიდი პროექტი, რომელიც მას ანდროიდის მიმართულებით განვითარებაში დაეხმარა, PSP-ის მობილური აპლიკაცია იყო.

Android Development-ში მუშაობის პარალელურად სწავლობდა Objective-C პროგრამირების ენას და iOS ოპერაციულ სისტემას. სწავლის პროცესში მიხვდა, რომ ეს მიმართულება უფრო აინტერესებდა და ანდროიდ აპლიკაციებზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ iOS-ზე გადასვლა გადაწყვიტა. ყველაზე მასშტაბური პროექტები კი, რომლებზე მუშაობაც მოუწია, BasisBank-ისა და Terabank-ის აპლიკაციები იყო.

"მოგვიანებით გავიგე რომ საქართველოს ბანკი iOS დეველოპერს ეძებდა და გადავწყვიტე, აქ მეცადა ბედი. თითქმის 3 წელია, ბანკის გუნდის წევრი ვარ და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ამჟამად აქ mBank აპლიკაციაზე შესანიშნავ გუნდთან ერთად ვმუშაობ. უნდა აღვნიშნო, რომ აქამდე დიდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, თუმცა ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და კიდევ ბევრ სხვა ასპექტში ჩემი უშუალო მენეჯერი, გიორგი ბოჭორიშვილი და გუნდის წევრი დათა ლაპიაშვილი ძალიან დამეხმარნენ".

ნიკოლოზის თქმით, დეველოპერობის ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან იმუშაო, ამისთვის მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი გჭირდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, პანდემიამ დეველოპერის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. ნიკოლოზის თქმით, გუნდური მუშაობის ხარისხი კომუნიკაციაზეა დამოკიდებული და ონლაინ კომუნიკაცია ისეთი ეფექტიანი არაა, როგორიც ოფისის პირობებში. "ადამიანებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა სამუშაო პროცესზე და გუნდის მენტალურ მდგომარეობაზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ სოციალიზაციაც ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ნიკოლოზი.

ბოლოს კი, დეველოპერის თქმით, მისი მთავარი მიზანი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარებაა. თავის მიღწევებში ოჯახისა და გარშემომყოფების დიდ წვლილს ხედავს. მისი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე კი, დეველოპმენტის მიმართულებით ახლო მომავალში მისგან ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ.