ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ე.წ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ეხო კავკაზას ინფორმაციით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ და დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის არასწორ მართვასა და ენერგოკრიზისში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად თეატრის შენობასთან იყვნენ შეკრებილი და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც Apsnypress წერს, ბჟანიამ განაცხადა, რომ თავისივე დაწესებულ რეგულაციას ვერ დაარღვევდა და პანდემიის დროს დიდ არასანქცირებულ შეკრებას ვერ დაესწრებოდა. თეატრთან შეკრებილები ამ პასუხით უკმაყოფილო დარჩნენ და ე.წ. პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც შენობაში შეჭრა სცადეს.