ექსპრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ საერთო მიზნის გარშემო უნდა შეძლოს გაერთიანება და ეს მიზანი არა წყენის დავიწყება, არამედ ურთიერთპატიებაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ წერილში აცხადებს, რომელიც მისმა დედამ, გიული ალასანიამ აქციაზე წაიკითხა.

მისივე თქმით, ქვეყანა და საზოგადოება ახლა თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება, რაც ქვეყნის მტრის "წისქვილზე ასხამს წყალს".

"ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანეა, ჩვენ, მთელმა ქართველმა ერმა. ალბათ, ყველასთვის რთული იქნება სამართლიანი თუ უსამართლო წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არც არის მიზანი, მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის.

სხვაგვარად ჩვენ ვერ დავძლევთ იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ახლა იმყოფება და რასაც თვითგანადგურების რეჟიმი ჰქვია. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ გზის გაგრძელებას, უკეთესი მომავლისაკენ. ჩვენ არც უფლება გვაქვს და ვერც ავიტანთ ამდენ ურთიერთზიზღს. შიდა დაპირისპირებაზე ჩვენი ძალების დახარჯვა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მტერი ჩვენს კარებთანაა მომდგარი და ამ ურთიერთშუღლს ჩვენს წინააღმდეგ მთელი სისასტიკით და დიდი ოსტატობით იყენებს. უნებლიედ ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ", — წერს ის.

დღეს, 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს.