კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, ჟურნალისტების ცემის საქმეზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. საუბარია გიორგი არობელიძესა და რატი რატიანზე, რომლებიც ამბობენ, რომ ბათუმის მეექვსე განყოფილებაში პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობებში უნდა დადგინდეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების დეტალები და მოხდეს სათანადო რეაგირება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

არობელიძისა და რატიანის თქმით შემთხვევა შაბათს, 18 დეკემბერს მოხდა. მათი განცხადებით, ბათუმში, ერთ-ერთ ბარში ჩხუბი ატყდა, რა დროსაც პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე, მათი შეფასებით არასამართლიანად დააკავა. არობელიძე და რატიანიც ყვებიან, კამათის შემდეგ პოლიციამ ისინიც განყოფილებაში გადაიყვანა.

აღნიშნულზე On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.