ნელამავალნი მიკროსკოპული ცხოველები არიან, რომლებიც განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან, რის გამოც მეცნიერებს მათზე არაერთი ექსპერიმენტი აქვთ ჩატარებული. მაგალითად, მათ ისინი მთვარეს შეაჯახეს, იარაღით გაისროლეს, ადუღებულ წყალში მოათავსეს, ულტრაიისფერ რადიაციაში ამყოფეს და ა.შ. თუმცა, ეს არსებები ასეთ ექსტრემალურ პირობებში გადარჩენას ახერხებენ, რასაც შეკუმშულ, გამოფიტულ ბურთულებად გარდაქმნითა და ბიოლოგიური ფუნქციების დროებით შეჩერებით აღწევენ.

სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა, კოლეგებთან ერთად, მათი გამოცდა გადაწყვიტეს იმის გასაგებად, შეძლებდნენ თუ არა რეკორდულად დაბალ ტემპერატურაზე გაყინული ნელამავალნი კვანტურად გადაჯაჭვულ 2 ელექტრულ წრედში გაერთიანებას.

ეს მოვლენა სუბატომური ნაწილაკების იმგვარ კავშირს გულისხმობს, როცა ერთი მათგანის ნებისმიერი ცვლილება მეორეზე იმავენაირად აისახება, მიუხედავად იმისა, თუ რამხელა მანძილი აშორებთ.

სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა მიზნად მსგავსი ნაწილაკების მრავალუჯრედიანი ორგანიზმებით ჩანაცვლება დაისახეს. ამისთვის 3 მიკროსკოპული ცხოველი გამოიყენეს, რომელთა სიგრძეც 0.2-0.45 მილიმეტრია. მკვლევრებმა ისინი აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურაზე გააციეს, რამაც მათი ზომის მნიშვნელოვნად შემცირება განაპირობა.

შემდეგ, გაყინული ნელამავალნი ზეგამტარი წრედის 2 ელექტრულ კონდენსატორს შორის მოათავსეს და კუბიტი, ანუ კვანტური ინფორმაციის ერთეული წარმოქმნეს. ამ არსებებმა Qubit B-ს რეზონანსული სიხშირე გადაიტანეს, Qubit A-სთან ინტეგრირებისას კი მათი კვანტური გადაჯაჭვულობის მონაწილენი გახდნენ და 3-კომპონენტიანი ტანდემური სისტემა შექმნეს.

ექსპერიმენტიდან 17 დღეში მეცნიერებმა პაწაწინა ცდისპირები ფრთხილად გაალღვეს, მაგრამ ცოცხლად გადარჩენა მხოლოდ 1-მა შეძლო. მათი განცხადებით, სწორედ ისაა ისტორიაში პირველი ცხოველი, რომელიც კვანტურ მდგომარეობაში გადავიდა და ამის შემდგომ ბიოლოგიური ფუნქციები აღიდგინა.

ახალი ნაშრომი ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა და უცნობია, გამოქვეყნდება თუ არა რეფერირებად გამოცემაში. სპეციალისტთა პირველადი შეფასებების ნაწილი სკეპტიკურია. მათ მიაჩნიათ, რომ ამას კვანტურ გადაჯაჭვულობას ვერ ვუწოდებთ, რადგან ნელამავლები მხოლოდ დიელექტრიკის ფუნქციას ასრულებდნენ.

ასეა თუ ისე, მათი გამძლეობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.