ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ამბობენ, რომ ბათუმის მეექვსე განყოფილებაში პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც არობელიძე ფეისბუქგვერდზე წერს, ისინი ერთ-ერთი ბარის წინ იდგნენ, როდესაც ხმაური ატყდა და პოლიცია მოვიდა.

"ეს ბათუმის მეექსვე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ. გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად. ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა.

ბარში მყოფმა ხალხმა, აიი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო - ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში", — წერს ის.

როგორც ჟურნალისტები ყვებიან, რატი რატიანი სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც გარეთ მყოფები გიორგი არობელიძესთან დაკავშირებას ითხოვდნენ, რადგან განყოფილებიდან ხმები გამოდიოდა.

"თავიდან გიორგი დააკავეს, მე დამაკავეს იმის შემდეგ, რაც ვითხოვდი იმას, რომ დაენახებინათ გიორგი, უბრალოდ, რადგან ხმები გამოდიოდა ისეთი, რომ გონივრული ეჭვი იყო იმის, რომ ზეწოლა იყო მასზე. ვითხოვდით, რომ ტელეფონი მიეცათ, ერთი წამით დავლაპარაკებოდით ან უბრალოდ, შეგვეხედა, როგორ არის. ამაზე უარი განგვიცხადეს", — ამბობს რატიანი On.ge-სთან.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი ამ პროცესში პროფესიაზე არ აქცენტირებდნენ, თუმცა ეუბნებოდნენ, რომ სასამართლოს მიმართავდნენ აღნიშნულზე.

არობელიძის თქმით, სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე მას დაემუქრნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ელაპარაკა ის, რაც მათ სურდათ.

"კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები", — ამბობს არობელიძე.

აღნიშნულზე On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.