საკულტო სერიალ Sex and the City-ის ახალი სეზონის, And Just Like That-ის გამოსვლას გულშემატკივრების განსხვავებული რეაქციების გარდა, სერიალის ერთ-ერთი მსახიობის შესახებ სკანდალიც მოყვა. 67 წლის კრის ნოთს, რომელიც მაყურებელმა სერიალში მისტერ ბიგის როლით გაიცნო, სექსუალურ ძალადობაში 3 ქალი ადანაშაულებს.

ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, თავად სერიალის სხვა მსახიობების ყურამდეც მიაღწია. მთავარმა ტრიომ — სარა ჯესიკა პარკერმა (კერი), კრისტინ დეივისმა (შარლოტა) და სინტია ნიქსონმა (მირანდა) ტვიტერზე საერთო განცხადება გააკეთეს და ქალებს, რომლებიც კრის ნოთს ძალადობაში ადანაშაულებენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს:

"კრის ნოთის საწინააღმდეგო ბრალდებებმა ძალიან დაგვასევდიანა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალებს, რომლებმაც ხმა აიმაღლეს და საკუთარი მტკივნეული გამოცდილება გაგვიზიარეს. ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია და ამის გამო ჩვენ მათ პატივს ვცემთ", — ვკითხულობთ მსახიობების საერთო განცხადებაში.

თავდაპირველად ორი ქალი ცალ-ცალკე დაუკავშირდა გამოცემა Hollywood Reporter-ს, როცა ახალი შოუს And Just Like That-ის კადრები იხილეს. მათ კრის ნოთი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. მალე მსახიობს გაუპატიურებაში მესამე ქალმაც დასდო ბრალი, რის შემდეგაც მას სამსახიობო სააგენტო დაატოვებინეს. კრის ნოთი აღარც სერიალ The Equalizer-ში მიიღებს მონაწილეობას.

კრის ნოთმა Hollywood Reporter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ბრალდებები "კატეგორიულად მცდარია" და ქალებზე თავდასხმა უარყო. "არ აქვს მნიშვნელობა, ეს 30 წლის წინ იყო, თუ 30 დღის წინ, რადგან "არა" ყოველთვის ნიშნავს "არას" და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრებზე ორივე მხარე ვთანხმდებოდით და არ ვიცი, რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი, ის არის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ", — ამბობს მსახიობი.

ამავე თემაზე: