მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით განვითარებული ჰესები კრიტიკულ როლს ასრულებენ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ინტერესია. სანამ არასწორად დაგეგმილი ჰესების საფრთხეებზე ვისაუბრებდეთ, შეგვიძლია ხაზი გავუსვათ იმ უპირატესობებს, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურების გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებას ენერგიის წარმოების სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით აქვს:

  • ჰიდროელექტროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც იყენებს წყლის ენერგიას;
  • ჰიდროელექტროსადგურები სუფთა და იაფი ენერგიის წყაროა მომავალი თაობებისთვის. ჰესები საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობით 50-დან 100 წლამდე გრძელვადიანი ინვესტიციაა, რომლითაც შეუძლია ისარგებლონ სხვადასხვა თაობებმა. შესაძლებელია მათი განახლება უახლესი ტექნოლოგიებით და აქვთ ძალიან დაბალი საოპერაციო და ტექნიკური ხარჯები.
  • წყალსაცავიანი ჰესები ელექტროენერგიის გამომუშავების მანევრულობით გამოირჩევიან, რაც უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურობას და საიმედოობას, მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას დროის მცირე მონაკვეთშიც კი (ელექტროენერგია განსხვავებით სხვა პროდუქტისგან საჭიროებს მოთხოვნისა და მიწოდების წამიერ დაბალანსებას, რათა მისი მიწოდების ხარისხის მაჩვენებელები არ გაუარესდეს);
  • წყალსაცავიანი ჰესები გამომუშავების მანევრულობით აადვილებენ და უფრო ეკონომიურს ხდიან განახლებადი ენერგიის ცვალებადი წყაროების (ქარი, მზე) ქსელში ინტეგრირებას.
  • ჰესები უზრუნველყოფენ გარანტირებულ ენერგიასა და ფასების სტაბილურობას. მდინარის წყალი არის შიდა რესურსი, რომელიც საწვავის ან ბუნებრივი აირისგან განსხვავებით, არ ექვემდებარება ბაზრის რყევებს.
  • ჰესებს მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში და მისგან გამოწვეული საფრთხეების ადაპტაციაში. მთელი სიცოცხლის მანძილზე ჰესები გაცილებით ნაკლებ სათბურის აირებს აფრქვევენ ატმოსფეროში ვიდრე გაზზე, ნავთობზე და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები. დღეს არსებული ჰესები ყოველწლიურად დაახლოებით 4.4 მილიონი ბარელი ნავთობის წვის შედეგად გაფრქვეული სათბურის აირების ექვივალენტ ჰაერის დამაბინძურებლებს გვაცილებენ თავიდან.
  • წყალსაცავიანი ჰესები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გამოცდილ და წარმატებულ ტექნოლოგიას წარმოადგენენ. ჰესების რეზერვუარი შესაძლოა გამოყენებულ იქნას მყინვარის ნადნობი წყლის შესანახად და ამ წყლის სასოფლო სამეურნეო ან საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებისთვისაც. ამასთან სწორად დაგეგმილი რეზერვუარიანი ჰესები ამცირებენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობა, ღვარცოფი) რისკებს.
  • ჰიდროელექტროსადგურები არ გამოყოფენ დამაბინძურებლებს ჰაერში, შედეგად მცირდება მჟავა წვიმები და სმოგი.
  • ჰესებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ განვითარებაში — ჰესების მშენებლობას თან სდევს ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ასტიმულირებს მრეწველობისა და კომერციული სექტორების ცალკეულ ქვედარგებს, ამით ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, განათლების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
  • ჰიდროელექტროსადგური ფუნდამენტური ინსტრუმენტია მდგრადი განვითარებისათვის. ჰესები, რომლებიც განვითარებულია და ფუნქციონირებს გარემოსდაცვითი პრინციპების დაცვით, არის ეკონომიკურად მომგებიანი და სოციალურად სასარგებლო, წარმოადგენს მდგრადი განვითარების კარგ კონცეფციას.
  • წყალსაცავიანი ჰესები ხშირ შემთხვევაში ტურისტულ-რეკრეაციული დანიშნულებითაც გამოიყენება, რაც ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მომტანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ასევე იხილეთ: მდგრადი განვითარება და ჰესები — ახალი ერა ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში

უარყოფითი მხარეები

ჰიდროელექტროსადგური არ არის სრულყოფილი ტექნოლოგია და მას აქვს უარყოფითი მხარეებიც:

  • ჰესებს ახასიათებთ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ჰიდროენერგეტიკულმა ობიექტებმა შეიძლება მოიცვას მიწის დიდი ფართობები, დასახლებებით, ბუნებრივი და კულტურულ-ისტორიული ძეგლებით, სასოფლო სამეურნეო და ეკოსისტემებით მდიდარი მიწები.
  • კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა კაპიტალინტენსიურია, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და დრო სჭირდება მშენებლობას.
  • ჰიდროელექტროენერგიის წარმოება დამოკიდებულია მდინარეების ჰიდროლოგიაზე. კლიმატის ცვლილების პროცესში კი მდინარეების ჰიდროლოგია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს წლების განმავლობაში.
  • კაშხლები ამცირებენ მდინარის ქვედა დინებაში ინერტული ნატანის რაოდენობას, რაც მოწყვლადს ხდის ზღვის სანაპირო ზოლს.

რა პრობლემები შეიძლება შექმნას არასწორად დაგეგმილმა ჰესმა?

ჰიდროელექტროსადგურების არასწორმა დაგეგმვა-განვითარებამ შესაძლოა დამატებით მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს:

  • წყალსაცავიანი ჰესები შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთო მდინარით სარგებლობენ. მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეიძლება შექმნას წყლის არარეგულარულმა მიწოდებამ მდინარის ქვედა წელში არსებული დასახლებებისთვის.
  • ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებას ხშირად ხანგრძლივი დრო სჭირდებათ ნებართვის მიღების ხანგრძლივი პროცესის და გარემოსდაცვითი შეფასებების გამო, ხშირია ადგილობრივი თემების მხრიდან წინააღმდეგობაც. აღნიშნულის გამო იზრდება საინვესტიციო რისკები და დაფინანსების ხარჯები ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში კიდევ უფრო მაღალია ეკონომიკური რისკები, ენერგეტიკის სექტორის არაჯანსაღი ფინანსური გარემოსა და პოლიტიკის გაურკვევლობის გამო. განვითარებულ ქვეყნებში ენერგობაზრის არსებული მოდელები ვერ ასტიმულირებს მოძველებული ჰესების მოდერნიზაციას.
  • ზოგიერთ შემთხვევაში, ჰესების მშენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ველური ბუნების ჰაბიტატის დარღვევა, თევზის ჰაბიტატის დაკარგვა ან შეცვლა.
  • არასწორად განვითარებულმა ჰიდროელექტროსადგურმა შეიძლება გამოიწვიოს წყალსაცავისა და წყლის ნაკადის ხარისხის ცვლილებები, შეცვალოს წყლის ტემპერატურა და მდინარის დინება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ჰესების დადებითი და უარყოფითი ეფექტების სრულყოფილი შეფასება ხარჯ-სარგებლის ანალიზის საშუალებით რომელიც საზოგადოებას ნათლად აჩვენებს კონკრეტულ შემთხვევებში ჰესების განვითარების მიზანშეწონილობას. ხშირ შემთხვევაში რთულია ყველა დადებითი და უარყოფით გავლენების ფულად ღირებულებაში გამოსახვა, ამისთვის კი მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი გამოიყენება რომლის საშუალებით ასევე ეფექტურად შეიძლება გადაწყვეტილების მიღება ჰესის აშენება/არაშენების ან უკეთესი ალტერნატივების შესარჩევად.

რა უნდა გავითვალისწინოთ ჰესებთან მიმართებაში?

ჰიდროელექტროსადგურების მიერ გარემოზე უარყოფით ზეგავლენის მინიმიზაციისთვის ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციამ (IHA) 2018 წელს შეიმუშავა სახელმძღვანელო ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის შესახებ. სახელმძღვანელო მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს ჰიდროენერგეტიკული სექტორის მდგრადობის ძირითად გარემოსდაცვით, სოციალურ, მართვის და ტექნიკურ კრიტერიუმებს. სახელმძღვანელოში 26 სხვადასხვა მიმართულებით წარმოდგენილია ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვის, ექსპლუატაციისა და განხორციელების კარგ პრაქტიკასთან დაკავშირებული პროცესები და შედეგები.

მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ეკვატორული ბანკების ჯგუფის სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული სახელმძღვანელო გამოიყენება ჰიდროენერგეტიკული პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის. აღნიშნული სახელმძღვანელო შემუშავდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ჰიდროენერგეტიკული მდგრადობის შეფასების პროტოკოლისა და ჰიდროენერგეტიკული მდგრადობის (ESG Gap) ანალიზის ინსტრუმენტის გამოყენებით.

მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შემთხვევაში ისინი გამოიმუშავებენ სუფთა ენერგიას, ხელმისაწვდომ ფასად, უზრუნველყოფენ სისტემის საიმედოობას და იძლევიან წყლის რესურსების მართვის შესაძლებლობას, მათ შორის სასმელი და საირიგაციო მიზნებით. წყალმოვარდნებისა და გვალვების პერიოდში ჰესებს ასევე შეუძლიათ წყლის რესურსების გაკონტროლება.

ჰესები, როგორც განახლებადი ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, უზრუნველყოფენ გლობალური დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევას, ხელს უწყობენ ცვალებადი განახლებადი წყაროების ინტეგრირებას სისტემაში საკუთარი წარმოების მოქნილობის ხარჯზე. ინვესტიციების ჩადება ჰესებში მნიშვნელოვანია, რათა მასობრივად განვითარდეს ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორებიცაა ქარი და მზე.

მდგრადი ჰიდროენერგეტიკა ამბიციური მიზნების დასახვისკენ მიმავალი გზაა, რათა მივაღწიოთ წმინდა ნულოვან გაფრქვევებს მომავალში. ეს არის მწვანე, სუფთა, თანამედროვე, ხელმისაწვდომი და საიმედო ენერგიის წყარო.