თუ სათაურის წაკითხვისას ყურისწამღები კივილი გაიგე, არ შეშინდე — ეს ან ჰოგვორტსის ექსპრესის ხმაა, ან რომელიმე სტუდენტის ბუსი, ან თავად შენი, რადგან მართლა შინ ვბრუნდებით.

როგორც იქნა, ჰარი პოტერის 20 წლის საიუბილეო გადაცემის, ჰოგვორტსში დაბრუნების, ტრეილერი გამოვიდა. ორწუთიან ვიდეოში ჩვენთვის კარგად ნაცნობ სახეებს ვხედავთ — გარდა ლეგენდარული ტრიოს შემსრულებელი მსახიობებისა, აქ არიან ტომ ფელტონი (დრაკო მალფოი), ჰელენა ბონემ კარტერი (ბელატრისა ლესტრეინჯი), რეიფ ფაინზი (ლორდი ვოლდემორი) და სხვები.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრო საერთოდ არ გასულა და ამასთან, დიდი ხანიც გავიდა", — ამბობს ჰერმიონის შემსრულებელი ემა უოტსონი გადაცემის ტრეილერის დასაწყისში და ტომ ფელტონს ეხუტება.

როგორც ტრეილერში ვხედავთ, ჰოგვორტსში დაბრუნება მხოლოდ ფიგურალური ნათქვამი არ არის — ყველა დროის ყველაზე ჯადოსნური ისტორიის პერსონაჟები სასახლეში საშობაო მეჯლისზე შეკრებილან.

ბონემ კარტერი ფინალურ ფილმში ჰერმიონის განსახიერებას იხსენებს, ფაინზი კი იმას, თუ როგორ დაჟინებით მოსთხოვა თავისმა დამ ვოლდემორის როლის შეთავაზებაზე დათანხმება.

"როცა გასაჭირი და რთული დრო დგება, ჰარი პოტერის რაღაც ნაწილს მაინც შეუძლია ცხოვრება გაალამაზოს", — აღნიშნავს უოტსონი.

"ჩვენ შორის ძლიერი კავშირია, რომელიც ყოველთვის გვექნება", — თანხმობის ნიშნად პასუხობს რონ უიზლის შემსრულებელი რუპერტ გრინტი, — "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ყოველთვის ერთიმეორის ცხოვრების ნაწილი ვიქნებით".

ფოტო: Warner Bros.

საიუბილეო გადაცემის პრემიერა ახალ წელს, 2022 წლის პირველ იანვარს შედგება HBO Max-ზე. მასში "ახალი, საინტერესო ინტერვიუებითა და მსახიობებთან საუბრებით ფილმების შექმნის ჯადოსნურ ისტორიას" მოჰყვებიან.

"ეს გადაცემა ეძღვნება ყველას, ვისი ცხოვრებაც ამ კულტურულმა ფენომენმა შეცვალა, — აცხადებს Warner Bros. Global Kids-ის პრეზიდენტი, ტომ ეშაიმი, — "დაწყებული მსახიობებითა და მომუშავე პერსონალით, რომელიც საქმეში სულსა და გულს დებდა, დამთავრებული ფანებით, რომლებიც ჯადოსნურ სამყაროს 20 წლის შემდეგაც კი აცოცხლებენ".

აღსანიშნავია, რომ გადაცემაში პოტერიადის შემქმნელი, ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი, არ მიუწვევიათ. ბესტსელერი წიგნების სერიის ავტორს გადაცემაში მხოლოდ ძველი ვიდეოებით აჩვენებენ.

ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.