მარველის კრიტიკოსთა რიგებს ოსკაროსანი რეჟისორი ჯეიმს კამერონიც შეუერთდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ავატარის რეჟისორმა დენი ვილნევზე და მის ბოლო ნამუშევარზე, დიუნზე, ისაუბრა.

დიუნის ეპიკურობაზე ხაზგასასმელად კამერონმა რამდენიმე შედარება გამოიყენა. მისი თქმით, ვილნევის ფილმი ეპიკურობით პიტერ ჯექსონის ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიასა და დევიდ ლინის ლოურენს არაბისაც კი უტოლდება.

"როცა ისეთ ფილმებზე ვფიქრობ, სადაც ეპიკური ამბები ხდება, ვთქვათ, მარველის სამყაროს ფილმებში, მთელი ქალაქები რომ ნადგურდება, ეს ჩემთვის საერთოდ არაა ეპიკური", — აღნიშნავს კამერონი.

ფოტო: Getty Images

მარველის კრიტიკას თავის დროზე არც ვილნევი ჩამორჩენია, რომელმაც ამ ფილმებს სხვა ნამუშევრებიდან "ამოჭრილი და გადატანილი" უწოდა.

"ასეთი ტიპის ფილმებმა შეიძლება ცოტათი ზომბებადაც გვაქცია... თუმცა, ამასთან, დღეს ძვირფასი და დიდი ღირებულების მქონე ფილმებიც ბევრია, ამიტომ, საერთოდ არ მაქვს პესიმისტობის საფუძველი", — დასძინა ვილნევმა.

ვილნევმა ამას წინათ მარველის ფილმებს "ერთ ყალიბში ჩამოსხმულიც" უწოდა.

"ზოგიერთი რეჟისორი ამას ცოტაოდენ ფერსაც აძლევს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა ერთი ქარხნის გამოშვებაა".

ფოტო: Marvel

ვილნევამდე და კამერონამდე კი მარველის კრიტიკოსთა "სახელი ლეგიონია". რიდლი სკოტმა სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმებს "საშინლად მოსაწყენი" უწოდა, ფრენსის ფორდ კოპოლამ — "საძაგლობა", კენ ლოუჩმა ჰამბურგერს შეადარა, ხოლო მარტინ სკორსეზეს აზრით, კინოთეატრებში მარველის ფილმები საერთოდ არ უნდა უჩვენებდნენ.