კიმ ჩენ ინის მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და გლოვის ნიშნად ჩრდილოეთ კორეამ უცნაური აკრძალვა დააწესა: მოქალაქეებს ბედნიერების გამოხატვა აეკრძალათ, უფრო კონკრეტულად კი, 11 დღის განმავლობაში საზოგადოებაში სიცილი და ალკოჰოლის მიღება დასჯადი გახდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების დღეს, 17 დეკემბერს მოქალაქეებს მაღაზიებში პროდუქტების ყიდვაც კი აეკრძალათ. გლოვის პერიოდში ადამიანებს საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნაც არ შეუძლიათ.

"წარსულში გლოვის პერიოდში არაფხიზელ მდგომარეობაში ბევრი ადამიანი გამოიჭირეს. ისინი დააპატიმრეს და იდეოლოგიურ კრიმინალებად შერაცხეს. ამის შემდეგ წაიყვანეს და ისინი აღარავის უნახავას", — განუცხადა უცნობმა წყარომ მედია Radio Free Asia-ს.

კიმ ჩენ ირი ჩრდილოეთ კორეას 1994 წლიდან 2011 წლამდე მართავდა. 2011 წლის 17 დეკემბერს ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

ეს ჩრდილოეთ კორეაში მკაცრი აკრძალვებისა და სასჯელების პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ სეულში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, გასული 10 წლის განმავლობაში საჯაროდ სიკვდილით, სულ მცირე, 23 ადამიანი დასაჯეს. აქედან, სულ მცირე, 7 K-Pop-ის მოსმენისა და სამხრეთკორეული ვიდეოების ყურების გამო დასაჯეს.

ამავე თემაზე: