ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შესაძლო გადადგომაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ახალი წლიდან "კვლავ მოგვევლინება" ეკონომიკის მინისტრად. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს ჰკითხა, როდესაც ეს ინფორმაცია "საპნის ბუშტივით გასკდება" მოუხდიან თუ არა ბოდიშს.

"აჰა, მადლობა ამ შეკითხვისთვის. მადლობა ამ შეკითხვისთვის. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ტელევიზია, ე.წ. პარტიული ტელევიზია, არ მიყვარს ხოლმე ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ ვერ გავექცევი, ავრცელებთ კვლავაც ასე უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე სადღაც მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის ვიღაცისთვის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ, რომ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს.

მე მაინტერესებს, ის ტელევიზიები, ვინც ამას ასე უტიფრად ავრცელებთ, აი, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით მე ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ თუ არა, რომ ბოდიში მიმიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით. თქვენი ინფორმაცია, როგორც საპნის ბუშტი რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა? აჰა, იფიქრეთ ამ პასუხზე, იფიქრეთ", — თქვა თურნავამ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება ეკონომიკის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის თანამდებობიდან გადადგომა. ამის შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა საუბარი, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.