19 დეკემბერს იტალიური მედიის, TG5-ის ეთერში რომის პაპი ფრანცისკე რთული წარსულის მქონე 5 ადამიანს გაესაუბრა. ერთ-ერთი მათგანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, სახელად ჯიოვანა იყო, რომელთანაც პაპმა ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ილაპარაკა.

პაპი ოჯახში ძალადობის პრობლემას გამოეხმაურა და აღნიშნულ ქმედებას "ლამის სატანური" უწოდა:

"ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა, რომელთაც ქმრებიც კი სცემენ და შეურაცხყოფენ, ძალიან, ძალიან მაღალია. პრობლემა ისაა, რომ ეს ჩემთვის ლამის სატანური ქმედებაა, რადგან ის იმ ადამიანის სისუსტით სარგებლობას გულისხმობს, რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია", — განაცხადა პაპმა.

პანდემიის დაწყების შემდეგ ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების ფონზე პაპმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი რამდენჯერ გააკეთა, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეფასება იყო.

გასულ თვეში იტალიის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იტალიაში დღეში ქალთა მიმართ ძალადობის 90 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა 62% ოჯახში ძალადობის შემთხვევებია.