პროკურატურაში აცხადებენ, რომ კანონით დადგენილ ვადებში გერმანულ მხარეს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძის ექსტრადიციისთვის მოთხოვნით მიმართვას. უწყებაში ამბობენ, რომ იგი ბერლინის აეროპორტში გუშინ, 19 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი კალანდაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების მუხლებით პასუხისგებაშია მიცემული და იგი ძებნილად იყო გამოცხადებული.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება", — აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალაიამ, კალანდაძემ, ქარდავამ და შამათავამ 2012 წლის 28 ივლისს, ზუგდიდში ე.კ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ნიღაბჩამოცმული, ხელბორკილებით თბილისში, სამხედრო პოლიციის შენობაში გადმოიყვანეს. პროკურატურის ვერსიით, თბილისშ გადმოყვანიდან მეორე დღეს, 29 ივლისს ახალაია, კალანდაძე, ქარდავა და შამათავა აღნიშნული პიროვნებას რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ.

"დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ.,წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ე.კ.-მ სასტიკად წამების შემდეგ, გონება დაკარგა,თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ.წამების შემდეგ, ე.კ. შენობის ერთ ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა", — აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი კალანდაძე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება 12-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელით გავრცელდა. გუშინ, 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში სააკაშვილი წერდა, რომ კალანდაძე 2008 წლის აგვისტოს ომის გმირია და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა უკრაინაშიც. მისივე განცხადებით, "სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით".