ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".

"რომელი ღირსება შეელახა... ერთადერთი, რაც გასაჯაროვდა, იყო ის, თუ როგორ უწევს წინააღმდეგობას სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებს, როგორ უწევთ ძალის გამოყენება და ა.შ. ასეთი კადრები სხვადასხვა პირის მიმართ ხშირად საჯაროვდება და ამას არ მოჰყოლია არასდროს არანაირი რეაქცია. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი ვიღაცამ იხილა ასეთ მდგომარეობაში, მე შეგახსენებთ, რომ ეს იგივე ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი და ა.შ.", — განაცხადა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, კადრების გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე, ნაციონალური მოძრაობისა და "მისი ტელევიზიების" მოთხოვნით მოხდა და ასე რომ არ მომხდარიყო, ეს გახდებოდა "სპეკულაციების გაგრძელების" საფუძველი.