საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 12 დეკემბერს ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები უწყებას ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რათა დროულად გათავისუფლდეს როგორც ჩხიკვაძე, ისე დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი სხვა მოქალაქეები.

"სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვიწევს ერთსა და იმავე ადგილას შეკრება, ერთი და იგივე მოთხოვნით. სახელები და გვარები იცვლება ხოლმე. ყოველ კვირა ვიგებთ ახალი ადამიანების გატაცებაზე ამბებს და ეს არის ის რუტინა, რომელშიც ჩაგვაგდო რუსეთმა და ქართულმა ოცნებამ ერთად.

ჯამში ათასებზეა უკვე ლაპარაკი და არ გადის არცერთი კვირა, როცა მსგავსი ინციდენტი არ მოხდეს, მაგრამ ეს არის სრულიად განსაკუთრებული შემთხვევა, როცა ტყვეობაში ჰყავთ ყოფილი სამხედრო, რომელსაც ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ზუსტად იცოდნენ რისთვის უნდა დაეჭირათ, რომ უნდა დაეჭირათ, მერე იქ მარიხუანა ეპოვათ მისთვის, რომ გარანტირებულად რამდენიმეწლიანი პატიმრობა ჰქონოდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არის ძალიან დიდ საფრთხეში", — აცხადებს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 12 დეკემბერს, სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. 18 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.