სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, გელა გოჭოშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის 14 აგვისტოს უკანონოდ დააკავა, უკვე თავისუფალია. უწყებაში ამბობენ, რომ მისი გათავისუფლების საკითხს მუდმივად აყენებდნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", — აცხადებენ სუს-ში.

ამ დრომდე ცხინვალის არაღიარებული რეჟიმის კონტროლის ქვეშაა 10 და 12 დეკემბერს დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული სამი მოქალაქე. 18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.