სამსახიობო სააგენტომ კრის ნოთთან მუშაობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მსახიობს მესამე ქალმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი. ახალი დაზარალებულის თქმით, Sex and The City-ში მისტერ ბიგის როლის შემსრულებელმა მასზე 2010 წელს იძალადა, როცა თავად 18 წლის იყო, ხოლო მსახიობი 55 წლის.

მესამე დაზარალებული ქალი, ზედმეტსახელად ავა, აცხადებს, რომ კრის ნოთი რესტორანში გაიცნო, სადაც თავად მომღერლად მუშაობდა. ავა იხსენებს, რომ კრის ნოთმა მასთან ერთად მოინდომა სიმღერა და შესრულების შემდეგ ქალი თავის მაგიდასთან მიიპატიჟა. "ის კალთაზე მეხებოდა, ხელს მიჭერდა და იმეორებდა, რომ კანადელი ქალები ძალიან უყვარს", — ამბობს ავა.

ფოტო: HBO

ცვლის დასრულებისას ავა მენეჯერის ოფისში შევიდა, რათა გასამრჯელო აეღო. კრის ნოთი მას დაედევნა, ოთახში მოიმწყვდია და გააუპატიურა. ავა მისგან გათავისუფლებას ცდილობდა, თუმცა მსახიობი ფიზიკურად მასზე გაცილებით ძლიერი იყო. "თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამყაროში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც ჩემი "არა" ესმოდა. ვუყვიროდი, რომ ეს "აქ არ გაეკეთებინა", თუმცა არ ესმოდა", — აცხადებს ავა.

კრის ნოთმა ქალის ბრალდება უარყო."ეს ისტორია სრული ფაბრიკაციაა და მონათხრობი, რომელშიც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, ცუდ ფანტასტიკას ჰგავს", — ამბობს მსახიობი.

რამდენიმე დღის წინ კრის ნოთი ორმა ქალმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა. სავარჯიშო აღჭურვილობის კომპანია Peloton-მა კი ის რეკლამები უკვე ამოიღო სოციალური მედიიდან, რომლებშიც კრის ნოთი მონაწილეობს.