BBC-ის ცნობით, ყელსაბამები და სხვა აქსესუარები, რომელთა შემქმნელებიც ირწმუნებოდნენ, რომ მათი დახმარებით ადამიანებს 5G-ისგან დაიცავდნენ, რადიოაქტიური აღმოჩნდა.

ჰოლანდიის ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიაციისგან დაცვის ორგანომ (ANVS) გამოაქვეყნა გაფრთხილება ათი პროდუქტის შესახებ, რომელშიც მათივე თქმით, მავნე მაიონიზირებელი გამოსხივება იყო. კვლევა ჰოლანდიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს ეროვნულმა ინსტიტუტმა (RIVM) ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მათი თქმით, გაზომილი რადიაციის დონე დაბალია, შესაბამისად, ჯანმრთელობის რისკიც მცირეა, თუმცა, ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში, თუნდაც მცირე მაიონიზირებელმა გამოსხივებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ეს პროდუქტები კი მუდმივი ტარებისთვისაა განკუთვნილი.

რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 5G ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით იმ აქსესუარებზე, რომელთა შეძენის შემთხვევაშიც ამ ქსელისგან დაცვას უსაფუძვლოდ გვთავაზობდნენ, თან იმ პროდუქტებით, რომელთა დიდი ხნით ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ასევე იხილეთ: კიბოს გამომწვევიც და მკურნალიც — ყველაფერი რადიაციის შესახებ

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 5G ქსელი უსაფრთხოა, ფუნდამენტურად არ განსხვავდება 3G და 4G ქსელისგან. ეს მობილური ქსელები იყენებენ არამაიონიზირებელ რადიოტალღებს, შესაბამისად, არ შეუძლიათ დნმ-ის დაზიანება (განსხვავებით მაიონიზირებელი ტალღებისგან). ამის მიუხედავად, მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლის საპირისპიროში დარწმუნებაც დეზინფორმააციის გამავრცელებელ ძალებს სულაც არ უჭირთ.

ANVS-ის მიერ იდენტიფიცირებულ რადიოაქტიურ აქსესუარებს შორისაა დასაძინებელი ნიღაბი, ყელსაბამი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სამაჯური (რომლითაც შეთქმულების თეორიების მომხრე მშობლები შვილებს არარსებული 5G ზიანისგან იცავენ).

ფოტო: RIVM

ANVS ურჩევს მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს მსგავსი აქსესუარები, არ გამოიყენონ ისინი. ონლაინ მაღაზიებსა თუ სხვა მოვაჭრეებს, რომლებიც ამ პროდუქციას ყიდდნენ, უკვე აქვთ ინფორმაცია მისი საზიანობის შესახებ. ANVS მათ მოუწოდებს, მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებლებს. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული რადიოაქტიური პროდუქტების სრულ ჩამონათვალს კი ამ ორგანოს ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.