საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ქართული ოცნების წევრებისა და შემწირველების, ასევე, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიებს და სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ.

კერძოდ, TI-ის ანგარიშში საუბარია აწარმოე საქართველოს პროგრამის ბენეფიციარების შესახებ და ნათქვამია, რომ 2018-2020 წლებში, მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა 17-მა სუბიექტმა, აწარმოე საქართველოს ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 2 240 794 ლარი მიიღო, რაც პროგრამით რეგიონში დახარჯული თანხის მესამედია. კვლევის მიხედვით, მათ შორის 9 სუბიექტს, სხვადასხვა დროს სახელმწიფო შესყიდვებით 4 733 891 ლარი დაერიცხა, 7-მა კი ქართულ ოცნებას ჯამურად 594 400 ლარი შეწირა.

ქართული ოცნების შემომწირველები

TI-ის ინფორმაციით, შპს ტაო 2052-მა 2020 წელს, აწარმოე საქართველოდან, სასტუმროს განვითარებისთვის 36 442 ევრო მიიღო. კვლევის მიხედვით, კომპანიის მფლობელებმა ვაჟა უსანეთაშვილმა და ილია შონიამ, ქართულ ოცნებას და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს — სალომე ზურაბიშვილს, 2017-2021 წლებში, ჯამში, 334 400 ლარი შეწირეს (ორივე მათგანი 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის შემწირველიც იყო). ანგარიშში წერია, რომ შპს ტაო 2052-თან საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2020 წელს 6 პირდაპირი შესყიდვა გააფორმა, ჯამში, 5 147 ლარზე.

კვლევის მიხედვით, შპს ბაკურიანი ინნ-ს სასტუმროს განვითარებისთვის აწარმოე საქართველოდან სუბსიდიის სახით, 2019 წლის იანვარში 354 635 ლარი დაერიცხა, 2020 წელს კი — 59 979 ევრო. ასევე, კოვიდ პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსებისთვის, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროს 7 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა ჯამში 1 738 794 ლარზე. TI-ის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში კომპანიის 20% წილის მფლობელმა, პაატა კოკაიამ სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შეწირა.

ანგარიშში საუბარია შპს ჰოლიდეი ინ ბაკურიანის შესახებაც და წერია, რომ კომპანიამ სასტუმროს განვითარებისთვის, 2019 წლის მაისში 291 835 ლარი, 2020 წელს კი — 28 090 ევრო მიიღო. ორგანიზაციის ცნობით, კომპანიის მფლობელმა მიხეილ ჯანჯალიამ 2016 წლის ოქტომბერში ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შეწირა.

TI-ის ინფორმაციით, შპს რიო 2012-მა სასტუმროს განვითარებისთვის, აწარმოე საქართველოდან, 2020 წელს, 1 443 დოლარი მიიღო. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ კომპანიის დირექტორი და 50% წილის მფლობელი კობა გელაშვილი, 2014 წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია ქართული ოცნებიდან. ანგარიშის მიხედვით, რიო 2012-მა 2017 წლიდან დღემდე 16 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 1 699 980 ლარზე. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 1 675 980 ლარის ღირებულების 11 შესყიდვა მან 2020-2021 წლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსებისთვის მიიღო. TI-ის ინფორმაციიღ, კობა გელაშვილის შვილმა, ჭიჭიკო გელაშვილმა, ქართულ ოცნებას 2021 წლის აგვისტოში 5 000 ლარი შეწირა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ქეთევან კოპაძემ აწარმოე საქართველოდან სასტუმროსა და ტურიზმის განვითარების მიზნით 2018-2020 წლებში სამ ეტაპად, ჯამში, 21 028 ლარი მიიღო. როგორც ორგანიზაციის კვლევაში წერია, ქეთევან კოპაძე ქართული ოცნებიდან ახალციხე-ადიგენის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის ცოლია — გიორგი კოპაძემ ქართულ ოცნებას 2016 წლის აგვისტოში 10 000 ლარი შეწირა.

TI-ის კვლევის მიხედვით, შპს საფირმა, სასტუმროსთვის 2018 წლის ივნისსა და ნოემბერში, ორჯერ, სულ 50 027 ლარი მიიღო, 2020 წელს კი — 35 424 ევრო დაერიცხა. კომპანიის მფლობელმა და დირექტორმა გიორგი ტალახაძემ 2017 წელს ქართულ ოცნებას 40 000 ლარი შეწირა.

ანგარშში წერია, რომ შპს დემეტრე და კომპანიამ სამშენებლო მასალის საწარმოს შესაქმნელად, 2018 წლის აპრილში აწაროე საქართველოდან 437 495 ლარი მიიღო. კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი დემეტრე თათეშვილია. კვლევის ავტორების თქმით, მისმა ერთ-ერთმა კომპანიამ — შპს არალმა 2017 წლის აგვისტოში ქართულ ოცნებას 40 000 ლარი შეწირა, თავად დემეტრე თათეშვილმა კი, 2021 წლის აგვისტოში — 50 000 ლარი. შპს „არალის“ შესაძლო კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიმდინარე წლის მაისში წერდა.

ყოფილი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული კომპანიები

TI-ის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის თორნიკე შარაშენიძის ცოლის, მარიამ ჯანჯალიას) მიერ დაარსებულმა კომპანიამ, რომელშიც თავად შარაშენიძე დირექტორის პოზიციას იკავებს, დაფუძნებიდან ერთ თვეში აწარმოე საქართველოდან სასტუმროს განვითარებისთვის 202 861 ლარი მიიღო, ხოლო ერთი წლის შემდეგ — 31 926 ლარი.

ორგანიზაციის კვლევაში წერია, რომ ნოდარ ბალახაშვილმა, რომელსაც 2014-2018 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი ამავე საკითხებში მერის მრჩეველი იყო, 2018 წელს, აწარმოე საქართველოდან 20 000 ლარი მიიღო, მასთან, 21 სახელმწიფო შესყიდვაზე 2018-2020 წლებში ხელშეკრულებები სულ 129 552 ლარზე გაფორმდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულ შესყიდვებში შესაძლო კორუფციული ფაქტების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო 2021 წლის ივნისში წერდა.

TI-ის ინფორმაციით, მიხეილ ძაგანიამ, რომელიც 2014-2018 წლებში თბილისის მერიის შპს ჰერმესის დირექტორი იყო, აწარმოე საქართველოდან, 2020 წელს 9 325 ევრო მიიღო სასტუმროს განვითარებისთვის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ცნობით, შპს გი ენ ენ ი-ს 2020 წელს აწარმოე საქართველოდან სასტუმროსთვის 19 279 დოლარი დაერიცხა. მისი 50% წილის მფლობელი ნანული იმედაშვილი, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის დირექტორის, ვაჟა გელაშვილის ცოლია. კვლევაში წერია, რომ გელაშვილის ცოლის სასტუმროსთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2014-2017 წლებში 18 580 ლარის ჯამური ღირებულების 5 პირდაპირი შესყიდვა გააფორმა. ვაჟა გელაშვილის ცოლი 50% წილს ფლობს ბაკურიანში მდებარე კიდევ ერთ სასტუმროში, შპს ნეოლგრანდიში, რომელსაც 2020 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კოვიდ პანდემიის გამო მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსებისთვის 10 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა, ჯამში 909 000 ლარზე.

"რევაზ მუმლაძემ 2020 წელს სასტუმროს განვითარებისთვის, აწარმოე საქართველოდან 31 503 დოლარი მიიღო. ამავე წელს, მის სასტუმრო თრეველ თაუნთან (100% წილს რევაზ მუმლაძე ფლობს), საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კოვიდ პანდემიის გამო მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსების მიზნით, 7 პირდაპირი შესყიდვა, ჯამში 237 534 ლარზე გააფორმა. რევაზ მუმლაძე ბაკურიანში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი იყო. იგი 2012 წლის თებერვალში ბაკურიანში მიწის უკანონოდ დასაკუთრების ბრალდებით დააკავეს, 2013 წლის 13 იანვარს კი სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა და 29 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც 2013 წლის დეკემბრამდე მუშაობდა", — ნათქვამია კვლევაში.

TI-ის ინფორმაციით, გიორგი გელაძემ კვების ობიექტისთვის 2018 წელს, აწარმოე საქართველოდან 11 400 ლარი მიიღო. გიორგი გელაძის მამა, ზაზა გელაძე, 2014-2016 წლებში ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის მოადგილე იყო.

ანგარიშში წერია, რომ ვლადიმერ ნათენაძემ გეოდეზიური მომსახურებისთვის 2018 წელს აწარმოე საქართველოდან 20 000 ლარი მიიღო. იგი 2016-2017 წლებში ააიპ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. TI-ის ინფორმაციით, მან 2019-2021 წლებში საკადასტრო აზომვებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მიიღო — 10 470 ლარის ჯამური ღირებულებით.

კვლევის მიხედვით, გიორგი თეგეტაშვილმა საოჯახო სასტუმროსთვის 2018 წელს აწარმოე საქართველოდან 9 000 ლარი მიიღო — მას 2014-2015 წლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯერ სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, შემდეგ კი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.

"2018-2020 წლებში აწარმოე საქართველოს ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 271 სუბიექტზე 6 705 099 ლარის სუბსიდია გაიცა. აქედან, დაახლოებით, 2 240 794 ლარი (33,4%) „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფმა პირებმა მიიღეს", — ნათქვამია TI-ის ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს შეფასებით, ქართული ოცნების შემწირველებისა და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების ჩართულობა როგორც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. გავლენიანი ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული ფაქტი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.