კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შერიგების იდეა კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ურჩევნია დააკვირდეს პროცესს. ის ამბობს, რომ შედეგი მისთვის რთულად წარმოსადგენია. წულუკიანის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას შესაძლებელი იქნება საფუძვლიანი კომენტარის გაკეთება.

"მე ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა, თავისთავად, კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე ჯერ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი, რა შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა, შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში, პროცესის შედეგი. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი და იმის მიხედვით შემდეგ შევძლებთ უკვე საფუძვლიანი კომენტარების გაკეთებას", — აცხადებს ის.

16 დეკემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, რომელზეც როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.

მანამდე, 10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.

მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია.

იდეას გამოეხმაურა მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სწორად დანახული დინამიკაა.

France 24-თან ინტერვიუში კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აიღო ვალდებულება, შერიგების პროცესის დაწყების.