ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილების დამტკიცებასთან დაკავშირებით სამართლიანი არ არის. მისი თქმით, კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს, რადგან ქვეყანას სჭირდება გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისია.

"მე მგონი ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ აქვს ალტერნატივა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის თავმჯდომარისა და თითოეული წევრის დამსახურება. მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო, როგორც სამართლიანი", — აცხადებს ის.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, დაშორებულია იმ ვალდებულებებისგან, რაც მმართელმა პარტიამ მოქალაქეების, ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღო. საელჩო მოუწოდებს პარტიებს, სამოქალაქო საზოაგდოებასა და პრეზიდენტს იმუშაონ ერთობლივად, რათა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების პოზიციაზე კანდიდატი კონსენსუსის საფუძველზე შეარჩიონ.

გუშინ, 17 დეკემბერს, საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხოდმაზე პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი. უფრო ზუსტად, მარტივდება არჩევის პროცედურა. კანონპროექტს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ცვლილება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებების მიზანია, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება. ცვლილებას 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოც. ორგანიზაციის შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას შეამცირებს. გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება.