აშშ-ს საელჩო საქართველოში ეხმაურება პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილების დამტკიცებას. საელჩოში აცხადებენ, რომ ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, დაშორებულია იმ ვალდებულებებისგან, რაც მმართველმა პარტიამ მოქალაქეების, ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღო.

"პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.

ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის", — აცხადებენ საელჩოში.

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობისთვის, პირველ რიგში, მოქალაქეები ცესკოს უნდა ენდობოდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, მათი თქმით, ამას ეწინააღმდეგება.

საელჩო მოუწოდებს პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და პრეზიდენტს იმუშაონ ერთობლივად, რათა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების პოზიციაზე კანდიდატი კონსენსუსის საფუძველზე შეარჩიონ.

გუშინ, 17 დეკემბერს, საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხოდმაზე პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი. უფრო ზუსტად, მარტივდება არჩევის პროცედურა. კანონპროექტს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ცვლილება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებების მიზანია, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება. ცვლილებას 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოც. ორგანიზაციის შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას შეამცირებს. გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება.