იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ არცერთი პატიმარი არ ყოფილა. იგი განმარტავს, რომ პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის მიხედვით, მსგავსი სერვისი პატიმრებისთვის არ ანაზღაურდება.

"2012 წლის შემდგომ, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული არცერთი ბრალდებული და მსჯავრდებული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყვანილი არ ყოფილა. პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის თანახმად, რომელიც 2015 წელს შემუშავდა და 2019 წელს განახლდა, სხვა ქვეყანაში მკურნალობა წარმოადგენს იმ გამონაკლისს, რომლის ხარჯებიც არ ანაზღაურდება", — განაცხადა ბრეგაძემ.

ამის შესახებ კითხვა მან დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ მინისტრის საათის ფარგლებში, საპარლამენტო მოსმენისას დაუსვა.

ბოლო პერიოდია ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ზოგიერთი ექიმი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებაზე საუბრობს. დღეს, მინისტრის საათის ფარგლებში ბრეგაძემ განაცხადა, რომ დადებითი სამედიცინო დასკვნის შემდეგ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან კვლავ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადავა.

გაიგე მეტი: