იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ 2013 წლის შემდეგ სახელმწიფო ახერხებს მასშტაბური ძალადობის პრევენციას. მან განაცხადა, რომ 17 მაისისა და 5 ივლისის საქმეებს ერთმანეთთან ვერ აიგივებს.

"2013 წლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები ახერხებენ მსგავსი მასშტაბის ძალადობრივი აქტების პრევენციას. აღსრულების ნაწილში, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ იმ სულისკვეთებას, რაც აქვს სტრასბურგის სასამართლოს. რაც შეეხება ამ საქმესთან 5 ივლისის საქმის გაიგივებას, ამაში, ვერ დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა და მოგახსენებთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება დასრულდება და შემდგომში შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტულ შედეგებზე. აქ გარკვეულწილად პოლიტიკური შეფასების გაკეთება, ვფიქრობ, ძალიან ნაადრევია", — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების პასუხად.

გარდა ამისა, ბრეგაძემ 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი მოვლენები იმ "მძიმე მემკვიდრეობას" დაუკავშირა, რომელიც, მისი მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ მიიღო წინა ხელისუფლებისგან.

"რა თქმა უნდა, ამ დროს ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში, თუმცა აქ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული გარემოება, რომ ქართული ოცნების მთავრობას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, სხვათა შორის, ამ კუთხით. სწორედ ამ მძიმე მემკვიდრეობის შეცვლის და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრების მიზნით 2014 წელს მიღებული იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი და ადამიანის უფლებათა დაცვის პირველადი სტრატეგია. სწორედ ეს რეფორმები იქნა შემდეგში შეფასებული ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელიც ასევე წარმატებით დასრულდა", — განაცხადა ბრეგაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს €193 500-ის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 16 დეკემბერს გამოაცხადა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ყველა პალიკანტის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3); დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14).

სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ლგბტ დემონსტრანტების ბრბოსგან დასაცავად ხელისუფლებამ ზომები ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საქმის კურსში იყო. გარდა ამისა, სასამართლო ამბობს, რომ არსებობდა მტკიცებულებები, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომ მზადდებოდა ძალადობა.

გაიგე მეტი: