დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღამის კლუბების გახსნის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განუხილავთ. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია არ არის ისეთი, რომ ღამის კლუბები გაიხსნას.

"რამდენადაც მე მახსოვს, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და არ გადაწყვეტილა. იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამის კლუბები ემზადებიან, შესაბამისი წესების მკაცრად დაცვითა და აღსრულებით, მაგრამ რომ საკოორდინაციო საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება მათი მუშაობის აღდგენის შესახებ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა", — თქვა მან ფორმულას ეთერში.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ღამის კლუბების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა, გამყრელიძე ამბობს, რომ ასე არ ფიქრობს.

"არამგონია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა იყოს ამ დროს. მოგეხსენებათ ღამის კლუბები მომატებული რისკის მქონე დაწესებულებებია. გასაგებია, რომ მათ ჩაატარეს ბევრი ტრენინგები და ვიცი, რომ ემზადებოდნენ და ემზადებიან სერიოზულად, მაგრამ ჯერ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, არამგონია, რომ იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ამიტომ, ჯერ უნდა ფრთხილად ვიყოთ", — ამბობს ის.

დღეს შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ ღამის კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ინსპექციის განცხადებას ღამის კლუბების დამფუძნებლები გამოეხმაურნენ. კლუბ მტკვარზეს დამფუძნებლის, ქეთა გაბუნიას განცხადებით, მთავრობამ დიდი ხანია იცის, რომ კლუბები 17-18 დეკემბერს გეგმავდნენ გახსნას. მისი თქმით, პასუხს დღესაც ელოდნენ, რადგან წინა ორი საკოორდინაციო საბჭო 2-ჯერ გადაიდო ჯერ მინისტრის გადადგომის და შემდეგ პრემიერის მივლინების გამო.

კლუბ ხიდის წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე ამბობს, რომ ამ ღამით კლუბები იხსნება. ებრალიძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხსნის, რომ კლუბში ყველა რეგულაცია დაცულია — განთავსებულია დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები და პერსონალს უკეთია პირბადეები.

მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან. მათი თქმით, სხვა შემთხვევაში, "მხოლოდ წინააღმდეგობას მიიღებენ". დღეს, 17 დეკემბერს რამდენიმე კლუბი იხსნება.