იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ, ის ფიზიკურად არ დაზიანებულიყო. ამის დასტურად მინისტრი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი "თითო კიდური თითო თანამშრომელს ეკავა".

"აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობით, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნებს. ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში. ასეთ დროს, მით უმეტეს, როდესაც უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომლებს, მათ აქვთ, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლებამოსილება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული. კარგად დაინახავს სუყველა იმ კადრებში, რომ მისი, ასე ვთქვათ, თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს, იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეყავდათ", — თქვა მან.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყვანეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.

მისდამი ასეთ მოპყრობაზე სააკაშვილმა იმ დღესვე ისაუბრა, როცა გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ის აცხადებდა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია. მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია კი ამბობდა, რომ პატიმრები, ე.წ. შუმოკით ფანჯრებთან სპეციალურად დაახვედრეს და სააკაშვილი აგინებინეს.

7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

გაიგე მეტი: