ესტონური მედია დელფის თანახმად, ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაი კალასმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა. კალასის განცხადებით, საქართველოს მიერ მეგობარი ქვეყნების დიპლომატების მოსმენა მიუღებელია.

პრესა წერს, რომ საუბარი ძალიან თბილ ატმოსფეროში წარიმართა. თუმცა Eesti Päevaleht-თან საუბრის შემდეგ, კაია კალასმა აღიარა, რომ განიხილებოდა უფრო რთული თემები –— შეფერხებული რეფორმები საქართველოში და შემოდგომაზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ფარულად უსმენდნენ უცხოეთის ქვეყნების, მათ შორის ესტონეთის, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

"ვთქვი, რომ სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენთ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, არაფერ ცუდს არ ვლაპარაკობთ თქვენს ზურგსუკან. ასე არ იქცევიან-მეთქი. ასევე, ვთქვი, რომ ჩვენ გვსურს თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ გაგვიადვილეთ. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, შეეცადეთ დაძლიოთ განხეთქილება საზოგადოებაში", — განაცხადა კალასმა.

ესტონეთის პრემიერმინისტრის თქმით, დაინტერესდა გამოძიება რამდენად მიიწევდა წინ, რადგან ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დაიწყო. ღარიბაშვილმა კი უპასუხა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც კალასმა აღნიშნა, ღარიბაშვილს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა.

13 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასულიერო პირებისა და მედიის წარმომადგენლების გარდა, უსმენს და უთვალთვალებს ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. მაშინ დასახელდა უსმენდნენ ესტონეთის საელჩოც. ამის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ტალინში დაიბარა, რაც ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობაში უკიდურესად იშვიათი ნაბიჯია.

სუს-ის ფაილებში, ასევე, დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: