კლუბ მტკვარზეს დამფუძნებლის, ქეთა გაბუნიას განცხადებით, მთავრობამ დიდი ხანია იცის, რომ კლუბები 17-18 დეკემბერს გეგმავდნენ გახსნას. მისი თქმით, პასუხს დღესაც ელოდნენ, რადგან წინა ორი საკოორდინაციო საბჭო 2-ჯერ გადაიდო ჯერ მინისტრის გადადგომის და შემდეგ პრემიერის მივლინების გამო.

"2-წლიანი ლოდინის მერე, ძლივს ვიხსნებით. იმის ფონზე, როცა ათასობით ადამიანს კრებენ მოედნებზე საახალწლო ღონისძიებებზე, თურმე კლუბები საფრთხის შემცველი ადგილები ვართ. თვეებია მიდის კვლევები, გახსნის პროტოკოლის შემუშავება, წესების დადგენა და უსაფრთხო ივენთებისთვის მომზადება, რომ უბრალოდ არ გავნადგურდეთ და ახალი წლის პერიოდი მაინც გამოვიყენოთ ოდნავ გონზე მოსასვლელად. აბსოლუტურად ყველა პუნქტი გავლილი და შეთანხმებულია, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობის და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული.

მათ დიდი ხანია იციან, რომ 17-18 დეკემბერს ვიხსნებით და ოფიციალურ დასტურს საკოორდინაციო საბჭოსგან ველოდებოდით დღესაც, რადგან წინა 2-ჯერ გადაიდო ჯერ მინისტრის გადადგომის და შემდეგ პრემიერის მივლინების გამო. აი, ახლა, საღამოს 6 საათზე ვკითხულობთ ამას. რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა. დღეს ჩატარდება ივენთები", — წერს გაბუნია.

შრომის ინსპექციის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან. მათი თქმით, სხვა შემთხვევაში, "მხოლოდ წინააღმდეგობას მიიღებენ". დღეს, 17 დეკემბერს რამდენიმე კლუბი იხსნება.