ლეონარდო დიკაპრიო ყინულოვან წყლებში ცურვას უკვე ისეა შეჩვეული, რომ როცა გადაღებებისას თავისი ერთ-ერთი ძაღლი გაყინულ ტბაში ჩავარდა, თურმე წამითაც არ უყოყმანია და მის გადასარჩენად გადაეშვა.

ამერიკელი მსახიობი რეჟისორ ადამ მაქკეის ახალ ფილმ Don't Look Up-ში სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან, მერილ სტრიპთან, ჯენიფერ ლოურენსთან ჯონა ჰილთან და ტაილერ პერისთან, ერთად მონაწილეობს. სანამ ფილმი დღის სინათლეს იხილავდეს, მსახიობებმა ჟურნალისტებთან გადასაღებ მოედანზე მომხდარი საინტერესო ამბები გაიხსენეს.

"ლეოს ორი ჰასკი ჰყავს, რომლებიც ქარიშხლებს ჰგვანან", — ჰყვება მაქკეი, — "ჯონა გაფატრული დივნის ფოტოებსაც კი მიგზავნიდა".

"მიდი, გაყინული ტბის ამბავს მოჰყევი", — აწყვეტინებს ლოურენსი.

"ორივენი ყინულოვან ტბაში ჩაცვივდნენ", — იხსენებს ჰილი, რომელიც გადაღებების მიმდინარეობისას დიკაპრიოსთან ერთად ცხოვრობდა.

"ჰო, და მერე მეც გადავეშვი", — აგრძელებს დიკაპრიო, — "კალიფორნიაში მცხოვრებს, წარმოდგენა არ მქონდა, გაყინულ ტბაში რა უნდა ქნა".

"ერთ-ერთი ძაღლი ჩავარდა", — ამბობს ისევ ლოურენსი, — "მერე კი თვითონაც გადახტა გაყინულ ტბაში მის გადასარჩენად და როგორც კი ერთი წყლიდან გამოიყვანა, მეორე ისევ გადახტა".

"მეორე პირველს ლოკავდა, რომელიც იხრჩობოდა, ჰოდა, აი, ასე აღმოვჩნდით ყველანი ყინულიან ტბაში", — დასძენს დიკაპრიო.

ლეო თავის ძაღლებთან ერთად

ფოტო: RMBI / Backgrid

ამ ამბიდან ერთი ის გავიგეთ, რომ ლეოსთვის გმირობა და სხვების გადარჩენა ჰობია, ეკრანზე და ეკრანს მიღმაც, მეორე კი ის, რომ მისი და წყლის, მით უმეტეს, ყინულოვანი წყლის, სიახლოვე არაფრის დიდებით არ შეიძლება!