2021 წლის აგვისტოში ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ჰუმანოიდ რობოტს შექმნიდა, რომელიც თავიდან "სახიფათო, რუტინულ და მოსაწყენ დავალებებს აგვარიდებს" და ექნება საპასუხო რეაქცია ხმოვან ბრძანებებზე. მასკი იმასაც დაგვპირდა, რომ მის პროტოტიპს 2022 წელს შემოგვთავაზებდა. შეძლებს თუ არა კომპანია ამ მიზნის მიღწევას?

მას შემდეგ, რაც 2003 წელს მასკმა Tesla დააარსა, ელექტრომანქანების ფირმამ დიდ წარმატებას მიაღწია: კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონს მიაღწია, გაიყიდა ნახევარი მილიონი მანქანა და მათთვის 2 000-ზე მეტი სადგურის გლობალური ქსელი შეიქმნა.

მილიარდერი ადრე იმასაც დაგვპირდა, რომ 2020 წლისთვის მისი კომპანია მილიონ თვითმავალ ტაქსის გამოუშვებდა. იგი დიდი ხანია, მისი მანქანების სრული ავტონომიის გარდაუვალობას გვახსენებს. 2020 წელს მან Tesla-ის სატვირთო მანქანის გამოშვება დაგეგმა, 2021 წელს კი — Cybertruck-ის. ეს ყველა დედლაინი კომპანიამ უკვე დაარღვია, ან მალე დაარღვევს. თვითონ მასკმაც აღიარა, რომ მას პუნქტუალურობა აკლია, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებს, რომ საბოლოოდ მისი ყველა პროგნოზი გამართლდება.

რობოტი, რომელსაც კომპანიაში სახელად Optimus-ს უწოდებენ, 173 საინტიმეტრი სიმაღლის და 57 კილოგრამი წონის იქნება. მასკის მიერ აგვისტოში ჩატარებული პრეზენტაციის მიხედვით, მას 20 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეეძლება.

მისი თქმით, დასაწყისისთვის Tesla-ის თვითმავალ მანქანებში გამოყენებული ტექნოლოგიის დიდი ნაწილის მორგება ჰუმანოიდ რობოტებზეც შეიძლება. "Tesla, ალბათ, მსოფლიოში უდიდესი რობოტექნიკის კომპანიაა, რადგან ჩვენი მანქანები ბორბლებზე მავალი ნახევრად მგრძნობიარე რობოტები არიან", — განაცხადა მან. "ასე თუ ისე ლოგიკური იქნება, თუ მას ჰუმანოიდის ფორმას მივცემთ".

ტეცუია ოგატა ტოკიოს ვასედას უნივერსიტეტიდან ფიქრობს, რომ რობოტის ინჟინერია უკვე კარგად უნდა იყოს განვითარებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ასეთ თამამ განცხადებებს არ გააკეთებდა. თუმცა, იგი ასევე თვლის, რომ ისინი არამხოლოდ AI პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, ასევე აპარატული უზრუნველყოფის პრობლემებისაც. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Tesla-ს უკვე საკმარისი გამოცდილება აქვს, რასაც ვერ ვიტყვით აპარატულ უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჰუმანოიდი რობოტები მანქანებთან შედარებით ბევრად უფრო კომპლექსურია.

"ძალიან რთულია რობოტული ხელების შექმნა, რომლებსაც იმავე დავალებების შესრულება შეეძლებათ, რაც ადამიანს შეუძლია", — ამბობს იგი. "ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს შეგრძნებების აღდგენა, რაც რობოტს შეხებებზე საპასუხო რეაქციის გამომუშავების საშუალებას მისცემს".

ჭონგიუ ლი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ იგი აღფრთოვანებულია ამ ხედვით, თუმცა მისი შექმნის ვადა "ზედმეტად ამბიციურია". ლის აზრით, Tesla პროტოტიპის დემონსტრაციას შეძლებს, თუმცა ჰუმანოიდი რობოტის ბაზარზე გამოტანაზე გარკვეული პრობლემები შეექმნება".

"კომპანიის ჭკვიანი ინჟინრებისთვის პროტოტიპის შექმნა რამდენიმე სადემონსტრაციო ჩვენებისთვის არც ისე დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ ისეთი საიმედო ჰუმანოიდი რობოტების შექმნა, რომლებიც ყოველდღიურ სამუშაოებს შეასრულებენ, სხვა საქმეა. მას საიმედო აპარატული უზრუნველყოფა და ძლიერი კონტროლის ალგორითმი სჭირდება, რომელიც მას წაქცევას ააცილებს თავიდან და დაცემის შემთხვევაში მის გამართვაშიც დაეხმარება, ასევე უზრუნველყოფს დაბრკოლებების შემჩნევას და მათ თავიდან აცილებას. ამ ყველაფერს, შესაძლოა, წლები დასჭირდეს", — ამბობს ლი.

მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ასეთი ტექნოლოგიის შექმნა შესაძლებელია, მაგრამ არა ისეთი ფორმით, რა ფორმითაც მასკი გვპირდება. ფლორიან რიხტერი სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან Boston Dynamics-ის Atlas რობოტს იხსენებს, რომელსაც სირბილი, ხტუნაობა და მთელი რიგი დავალებების შესრულება შეუძლია, მაგრამ ამ უკანასკნელს ასევე მოცულობითი სხეული და ზურგჩანთის სტილის ბატარეების ნაკრები აქვს.

"Tesla-ს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. ჩემი აზრით, მათი სამიზნე აპარატული უზრუნველყოფის შექმნა ერთ წელში სრულიად შესაძლებელია, თუმცა სიმძლავრესა და წონაზე მოუწევთ გარკვეული კომპრომისის გაკეთება", — ამბობს რიხტერი. "ასევე, მათ რობოტს საკმაოდ სწრაფად უნდა ასწავლონ ბრტყელ ზედაპირზე სიარული, მაგრამ სხვა ისეთი დავალებებისთვის მზაობას, როგორიცაა რაიმეზე ჩაბღაუჭება, რამდენიმე წლის კვლევა და ბევრი ინოვაცია დასჭირდება".