აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება მედიაში იანვრის ნაცვლად მარტიდან აიკრძალება. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლების თხოვნით მიიღეს.

"მარტიდან იკრძალება რეკლამირება, საგადასახადო კუთხით პირველი იანვრიდან. უბრალოდ, ის თხოვნა, რაც იყო, რომ ტელევიზიებს მიეცეთ საშუალება, რომ გადაეწყონ, რამდენიმე თვეს ვაძლევთ. [...] გვქონდა საუბარი ყველა უწყებასთან, მათ შორის, ასოციაციასთან, საპატრიარქოსთან. მედიასთან რომ გვქონდა პირველ განხილვაზე საუბარი, ამიტომ მოხდა ეს ცვლილება. ერთია სურვილი და მეორეა ოპტიმალური ვადა. ოპტიმალურ ვადად შეირჩა ეს", — აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა.

ამასთანავე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ აკრძალვა შეეხება სპორტულ გადაცემებსა და არხებსაც.

15 დეკემბერს პარლამენტმა კანონპროექტს, რომლითაც აზარტული თამაშების წარმომადგენლებს ახალი რეგულაციები უწესდებათ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას, ასევე, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას.

29 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებთ. ამასთან, კაზინოებში ვერ ითამაშებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან და საჯარო მოხელეები. მისივე თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებილი იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.

პრემიერმინისტრმა დააანონსა სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამის აკრძალვაც. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

მანამდე, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს.

მედიაკოლაცია აზარტული თამაშებისა და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას უარყოფითად აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები პრობლემური და არასაკმარისია. მათ განცხადებით, არსებობს რისკი, რომ საკანონმდებლო ცვლილება მაუწყებლებს ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებს.