პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ კომპანია ენკა პროექტში არ დარჩება, შესაძლოა ნამახვანჰესის პროექტი თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს. ის, ასევე, იმედოვნებს, რომ ნამახვანჰესი აშენდება.

"თუ ინვესტორი კომპანია ენკა არ დარჩა პროექტში, შესაძლოა, ნამახვანჰესის პროექტი თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც არ იქნება ურიგო, იმ კითხვების გათვალისწინებით, რაც პროექტის ირგვლივ ჩნდება და ლიდერშიფი ჰქონდეს სახელმწიფოს.

შეიძლება, სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორი მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ პრობლემამ. ამ შემთხვევამ დაგვანახა, რომ ასეთ მსხვილ პროექტებს სჭირდება მართლაც განსხვავებული მიდგომა და მეტი მუშაობა მთავრობის და ჩვენი სამინისტროს მხრიდან და უფრო მეტი მომზადება", — აღნიშნა თურნავამ.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორმა, ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა.

ექსპერტების შეფასებით, თუ კომპანიასა და მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა დაიწყება, ქვეყანას ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტას წინ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უძღოდა. თავდაპირველად აქციები რიონის ხეობაში იმართებოდა, შემდეგ კი თბილისშიც. საბოლოოდ, მხარეებს შორის მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთო, თუმცა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.