ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა გააქტიურდა, რაც თავის მხრივ ჰიბრიდული ომის ნაწილიც არის, შესაბამისად ამ თემაზე საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევაა აუცილებელი და ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ჰესების მშენებლობას სახელმწიფოს სტრატეგიულ მიმართულებად აქცევს.

"არაერთხელ გვითქვამს, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი. ამ დარგში ჩვენ გვაქვს 2 სტრატეგიული ამოცანა. პირველი არის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება საკუთარი მწვანე რესურსის გამოყენების გზით, ხოლო მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა არის უწყვეტად უზრუნველვყოთ მოსახლეობა, ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით. ამ ამოცანების გადაწყვეტისას ჩვენი მთავრობები ისტორიულად ყოველთვის აწყდებოდნენ სირთულეებს. აქ არაა მხოლოდ ჩვენს მთავრობაზე საუბარი.

ისტორიულად 90-იანი წლებიდან დაწყებული ძალიან გააქტიურდა ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა, რაც თავის მხრივ ჰიბრიდული ომის ნაწილიც არის, ესეც უნდა ვაღიაროთ, შესაბამისად ამ თემაზე აუცილებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა და ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ჰესების მშენებლობას სახელმწიფო სტრატეგიულ მიმართულებად და საკითხად აქცევს", — განაცხადა თურნავამ პარლამენტში.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზნით, პირველ რიგში, საზოგადოებრივი, მათ შორის, პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმებაა საჭირო ერთიან მიდგომასა და სტრატეგიაზე.