სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ამის მიზეზი გახდა სირიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ საკუთარი მოქალაქეების მიმართ, აჯანყებულთა კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქიმიური იარაღის გამოყენება. იდლიბის პროვინციაში, კვირის დასაწყისში, ავიაიერიშებს, სადაც, სავარაუდოდ გამოიყენეს ქიმიური ბომბები, მომწამვლელ გაზს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.

"დღეს მე ბრძანება გავეცი, ავიადარტყმის სამიზნე გამხდარიყო ის სამხედრო ბაზა სირიაში, საიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესია, შეაჩეროს ქიმიური იარაღების გამოყენება და გავრცელება", – თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ტრამპისვე თქმით, ასადის ხელისუფლებამ დაარღვია ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია და უგულებელყო გაეროს უშიშროების საბჭო. მისივე თქმით, ექვსწლიანი მცდელობა, შეცვლილიყო ასადის ქცევა, წარუმატებელი იყო.

სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ამერიკული ავიამზიდიდან, ტომაჰავკის ტიპის 59 რაკეტა ისროლეს. აშშ–ს ხელისუფლების განმარტებით, ავიაიერიშის მთავარი მიზანი აღნიშნული სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის იმგვარი მოშლა იყო, რომ მისი გამოყენება ვერ მოახერხონ.

ტრამპის აღიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ეხება მის საგარეო კურსს. ის მუდამ აცხადებდა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სამხედრო ძალით სხვა ქვეყნის კონფლიქტებში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი რუსეთია.

სწორედ რუსეთის ფედერაცია უმაგრებს ზურგს ასადის რეჟიმს და ეხმარება მას პირდაპირი სამხედრო ძალით აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსულმა ავიაციამ არაერთხელ დაბომბა სირიელი აჯანყებულთა პოზიციები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, 5 აპრილს საგანგებოდ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და სირიის მთავრობა უდანაშაულო მოსახლეობაზე ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო და განაცხადა, რომ თუ გაერო არ იმოქმედებს, ამერიკა მზადაა, თავისი ძალა გამოიყენოს სირიაში სამოქალაქო ომის შესაჩერებლად.

სირიაში უკვე ექვსი წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, სადაც ასადსა და ამბოხებულებს არაერთი სახელმწიფო ეხმარება. დასავლური კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, მხარს აჯანყებულებს უჭერს, რაც შეეხება ასადს, მისი მხარდამჭერები არიან რუსეთი, ირანი.