გამოსვლიდან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, Minecraft ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად რჩება, არა მხოლოდ საკუთარ პლატფორმაზე, არამედ იუთუბზეც კი. თამაშის ვიდეოების ჯამურმა ნახვებმა აქ სულ ცოტა ხნის წინ გადააჭარბა 1 ტრილიონს. ამით Minecraft იუთუბზე ყველაზე ყურებადი თამაში გახდა.

1-ტრილიონიანი ნიშნულის მიღწევა თამაშთან ერთად იუთუბმაც იზეიმა და ამისთვის საგანგებოდ შექმნა ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელიც Minecraft-ის ისტორიის გამორჩეულ მომენტებს აერთიანებს.

2009 წელს გამოშვებული Minecraft, რომელიც ტრადიციული თამაშებისგან ფორმითაც და ვიზუალითაც განსხვავდება, იუთუბზე განთავსებული ვიდეოების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა. მოთამაშეები აქ საკუთარ სამყაროს აწყობენ ბლოკებით და მათ, ვინც ეს წარმატებით მოახერხა, საკუთარი შთამბეჭდავი ნამუშევრის იუთუბზე გაზიარებაც მოუნდათ. შესაქმნელი სამყაროს იდეები კი მრავალფეროვანია — ჰოგორტსიდან კოსმოსურ ხომალდებამდე.

აღსანიშნავია, რომ ბევრმა იუთუბერმა, მათ შორის Stampy Cat-მა, DanTDM-მა და PewDiePie-მ პოპულარობა სწორედ Minecraft-ის თამაშის ვიდეოებით მოიპოვა. Microsoft-ის მონაცემებით, ამ დროისათვის 150 სხვადასხვა ქვეყანაში Minecraft-ის 35 ათასი მოთამაშის აქტიური არხი არსებობს იუთუბზე.

ყოველწლიური სიახლეებით, ბრენდირებული პროდუქციის გამოშვებით და თამაშზე გადაღებული ფილმით, რომელიც სულ მალე გამოვა, Minecraft-ის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ, საეჭვოა, 1-ტრილიონიანი ნიშნული იუთუბზე თამაშის ფანების ბოლო მიღწევა იყოს.