ფრენკ ჰერბერტის დიუნის ეპიკურ ბლოკბასტერად ქცევის შემდეგ, ოსკაროსანი რეჟისორი, დენი ვილნევი, კოსმოსურ საი-ფაი მოგზაურობას განაგრძობს. ვილნევი ამჯერად ჟანრის ერთ-ერთი კლასიკოსის, ართურ კლარკის რომან Rendezvous with Rama-ზე გადაიღებს ფილმს.

ფილმის გადასაღებად რეჟისორი Alcon Entertainment-თან ითანამშრომლებს. კინოკომპანიასა და ვილნევს უკვე აკავშირებთ რამდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის კიდევ ერთი ცნობილი საი-ფაი ფილმი Blade Runner 2049. თუმცა, კლარკის კინოადაპტაციის პროდიუსერები, კომპანია Revelations Entertainment-ის სახით, ასევე იქნებიან მორგან ფრიმენი და ლორი მაკრირი. ფრიმენი თავადვე ფლობს წიგნის ეკრანიზაციის უფლებას.

დენის ვილნევი და ხავიერ ბარდემი გადასაღებ მოედანზე.

ფოტო: Warner Bros.

რაც შეეხება კლარკის რომანს, წიგნის სიუჟეტი შორეულ 2130-იან წლებში, იმ რამდენიმე ადამიანის გარშემო ვითარდება, რომელთაც მზის სისტემაში შემოჭრილი უცხოპლანეტელების ხომალდისთვის ხელის შეშლა დაევალებათ. ამგვარად, ეს მისია ადამიანების მოდგმისა და უცხოპლანეტელების პირველი შეხვედრა იქნება.

"თავის ჟანრში ეს ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ნაშრომია", — აღნიშნავენ Alcon Entertainment-ის ხელმძღვანელები, — "იმდენივე შეკითხვას სვამს, რამდენსაც პასუხს სცემს. ჭეშმარიტად ჩვენი დროისთვისაა შექმნილი. ამდენად, ძალიან შეეფერება ჩვენი მეგობრის, დენის დამოკიდებულებებს, კერძოდ კი მის სიყვარულს სამეცნიერო ფანტასტიკისადმი. მოხარულები ვართ მორგანთან და ლორისთან თანამშრომლობითაც".

Rendezvous with Rama-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო, როცა ფრიმენმა ეკრანიზაციის უფლება მოიპოვა. თავდაპირველად, კინოადაპტაციის რეჟისორად დევიდ ფინჩერს მოიაზრებდნენ, თუმცა, მოგვიანებით, გეგმები შეიცვალა.

რაც შეეხება ვილნევის ბოლოს პროექტს, დიუნი წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად იქცა. პანდემიის და ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე განთავსების მიუხედავად, ფილმის შემოსავალმა $400 მილიონს მიაღწია. ამასთან, კინოსურათი ოქროს გლობუსის სამ ნომინაციაშიცაა წარდგენილი.

ასეთი წარმატების შემდეგ, კიდევ უფრო დაჩქარდა ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობის დაწყებაც.