ემოციები მოძრაობად განსხეულდებიან. როცა გარკვეულ ემოციებს განვიცდით, ჩვენ ფიზიკურად ვგრძნობთ ცვლილებებს სხეულში — ვხდებით აღელვებული, მოუსვენარი ან აფორიაქებული. თავად სიტყვა ემოციის ლათინური ძირიც აღნიშნავს მოძრაობას, წასვლას.

ბევრი მწერალი გვთავაზობს საბაზისო ემოციების მცირე ნაკრებს, რომელშიც თითოეულ მათგანს აქვს მოძრაობის სპეციფიკური მიმართულება — შიგნიდან გარეთ ან პირიქით. ბრაზი, ზიზღი, შიში, ბედნიერება, სევდა და გაოცება დაწვრილებით კია შესწავლილი, თუმცა ის ფუნდამენტური განცდა, რასაც "შეძვრა" ეწოდება, თითქმის მთლიანად ყურადღების მიღმა დარჩა.

მკვლევართა ჯგუფი ამ გულისამაჩუყებელი მდგომარეობის საიდუმლოებებისათვის ფარდის ახდას ცდილობს. რამდენადაც ახალი წელი ახლოვდება და ბევრი ჩვენგანი საშობაო ემოციური სასწაულის იმედითაა სავსე, მოდით, თვალი შევავლოთ, თუ რა იმალება ფარდის მიღმა.

რა არის კამა მუტა

ფოტო: Kristina Pedos / Dribbble.com

შემძვრელი ემოციების აღსაწერად მკვლევრები იყენებენ სანსკრიტულ გამოთქმას — კამა მუტა (kama muta), იგივე "სიყვარულით შეძვრა". ის განიმარტება როგორც ადამიანთან ან სხვა არსებასთან გაერთსხეულების მოულოდნელად თავსდამტყდარი გრძნობა.

ამ ემოციას რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ასეთ დროს, შეიძლება, ერთდროულად ვიგრძნოთ სუსხი, ჟრუანტელი და მხურვალება მკერდის არეში, საიდანაც მოდის კიდეც გამოთქმა "გული გამითბა" — და, იქნებ, იმის რწმენაც, რომ სწორედ ეს ორგანო ბადებს ემოციებს. ამასთან, შეიძლება, სული შეგვეკრას და ყელში ბურთი გაგვეჩხიროს, ვიტიროთ სიხარულისგან ან წამით სუნთქვა შევწყვიტოთ. ამ ინტენსიური გრძნობების გასვლის შემდეგ კი სიცოცხლით სისავსისა და ამაღლებულობის განცდა გვრჩება.

კამა მუტა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში შეიძლება წარმოიშვას. ეს მომენტი შეიძლება განვიცადოთ როგორც საყვარელ ადამიანთან ყოფნისას, ასევე, მოულოდნელად, სრულიად უცხოსადმი ემპათიით განწყობისას; და მაშინაც, როცა ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას, ვათვალიერებთ ხელოვნების ნიმუშს, ვუსმენთ მუსიკას ან ვასრულებთ რელიგიურ რიტუალს.

სწორედ ამგვარი, შემძვრელი გრძნობა ბადებს რაღაცისადმი ისეთი ღრმა კავშირის დამყარების განცდას, რომელიც ცდება პიროვნულ მე-ს. თუმცა ეს "რაღაც" მრავალი განსხვავებული რამ შეიძლება იყოს. ჩვენი შეძვრა შეუძლია რომანტიკულ პარტნიორს, ჩვილს, საყვარელ შინაურ ცხოველს, სპორტულ გუნდს, ერს ან წმინდა არსებას.

კვლევები კამა მუტაზე

ფოტო: Sophie Blackall

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იმგვარი სენტიმენტალური გრძნობა, როგორიც შეძვრაა, პოეტებსა და მისტიკოსებს უნდა მივანდოთ. თუმცა მკვლევრებმა ამ ყველაფრის მეცნიერულად შესწავლაში დიდი ძალისხმევა ჩადეს. ქვემოთ იმ ორ მეცნიერულ ნაშრომზე ვისაუბრებთ, რომლებშიც მკვლევართა მიერ ლაბორატორიებში გაწეული შრომის შედეგებია შეფასებული.

პირველ ნაშრომში განხილულ ორ კვლევაში შემძვრელი გამოცდილების განცდაა შესწავლილი. თავდაპირველად მკვლევრებმა ამერიკელ ზრდასრულებს სთხოვეს, გაეხსენებინათ ისეთი შემთხვევა, რომელმაც თვალები აუცრემლიანათ დადებითი ან უარყოფითი ემოციის გამო. შემდეგ კი სთხოვეს, დაფიქრებულიყვნენ მომხდარ ინციდენტებზე და კრიტიკულად შეეფასებინათ ის.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეები შეძრულობის ისეთ ემოციას, რომელმაც ჟრუანტელი ან მკერდის არეში სითბო მოჰგვარათ, დადებით გამოცდილებასა და სიხარულით ტირილს უფრო უკავშირებდნენ, ვიდრე უარყოფით შემთხვევებს. გარდა ამისა, მონაწილეთა თქმით, სიხარულის ცრემლების გამომწვევი შემთხვევების შემდეგ მათ გვერდით მყოფისადმი უფრო მჭიდრო კავშირი ან ის იგრძნეს, რომ ვიღაცამ განსაკუთრებულად მაღალზნეობრივი რამ ჩაიდინა.

კამა მუტა ჩნდება მაშინ, როცა მოულოდნელად "კოლექტიური თანაზიარობის" მსგავს კავშირს განვიცდით.

იმავე სტატიაში განხილულ მომდევნო კვლევაში ამერიკელი და ნორვეგიელი ზრდასრულები აფასებდნენ ვიდეოებს, რომლებიც ბედნიერებას, სევდას ან შფოთვას იწვევდნენ. თავიანთივე შეფასებით, მათ ძრავდა ვიდეოები, რომლებიც ძლიერი სიახლოვის და მორალური ქმედებების მოწმეებად ხდიდა მნახველს და სწორედ მათი ყურებისას ადგებოდათ თვალზე ცრემლი და გული უჩუყდებოდათ. ამასთან, აღმოჩნდა, რომ შეძვრის შეგრძნება განსხვავდება მისი მსგავსი, შიშნარევი მოკრძალების ემოციებისაგან.

მეორე ნაშრომში ახსნილია კამა მუტას განვითარების საფეხურები. ის შეისწავლის, როგორ იცვლება ეს გრძნობა დროთა განმავლობაში და იმ ფენომენს, რომელიც თან ახლავს მსგავს მერყეობას. ამ ცვლილებების გამოსაკვლევად მეცნიერებმა მონაწილეებს მოკლე, მაგრამ სულში ჩამწვდომი ვიდეოების სერია აჩვენეს, რომლებზეც სპილოს გადარჩენა და მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსი იყო ასახული.

მონაწილეები თავად აღრიცხავდნენ ცვლილებებს, რომლებიც მომენტიდან მომენტამდე თავიანთსავე შეგრძნებებსა და აღქმაში მიმდინარეობდა. მათ ასევე შეაფასეს ვიდეოში მყოფ ადამიანთა ერთმანეთისადმი სიახლოვის ხარისხი და ისიც, ყოველივე ამის ფონზე თავად თუ უჩნდებოდათ ტირილის სურვილი, ჟრუანტელის, სხეულებრივი სითბოს, სიხარულის ან სევდის შეგრძნება. ამის შემდეგ მკვლევრებმა შეაფასეს, ემთხვეოდა თუ არა ცვლილებები ამ შეფასებებში შეძვრის შეგრძნებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

მათ აღმოაჩინეს, რომ შეგრძნებათა ცვლა ნათლად ისახებოდა სხეულის სითბოს ცვლილებაში, თვალების აცრემლიანებაში, ჟრუანტელის დავლაში, ბედნიერებისა და სიახლოვის განცდაში. თუმცა ისინი არ იყვნენ დაკავშირებული წუხილის ემოციასთან. აღმოჩნდა, რომ კამა მუტა სუბიექტურად პოზიტიურია და თან ახლავს სხეულებრივი სიმპტომები, რომლებიც ზრდის სოციალურ კავშირებს.

კამა მუტას ახსნა

ფოტო: soledad garcia saravia / Dribbble.com

მოცემულ ნაშრომებში წარმოდგენილია კამა მუტას აღწერითი ანალიზი, თუმცა ისმის კითხვა, როგორ შეიძლება აიხსნას ეს ფენომენი? ზემოხსენებულ ნაშრომთაგან ორივე ადასტურებს, რომ აქ სოციალური სიახლოვე გარდამტეხ როლს ასრულებს. შეძვრის განცდა და მისი გავრცელების ინტენსივობა უშუალოდაა დაკავშირებული იმ მოგონებებთან, რომლებიც ადამიანთა სიახლოვესთანაა ასოცირებული. ამასთან, კვლევაში მონაწილეთა განცდის ხარისხი იზრდებოდა იმის პარალელურად, თუ რამდენად ახლო კავშირს ამყარებდნენ ერთმანეთთან ვიდეოს პროტაგონისტები.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ კამა მუტა "მიმართებითი ემოციაა": ის გარკვეული სახის სოციალურ კავშირთანაა გადაჯაჭვული. კერძოდ, ის ჩნდება მაშინ, როცა მოულოდნელად "კოლექტიური თანაზიარობის" ტიპის კავშირს განვიცდით.

ამ ტიპის ურთიერთობა გულისხმობს იმის გააზრებას, რომ მისი მონაწილე მხარეები გამოუცალკევებელ მთლიანობას ქმნიან. ისინი გრძნობენ, რომ საერთო იდენტობის ნაწილები ხდებიან. ვიდეოებში ასახული ამგვარი კავშირების ინტენსივობის ექსპერტთა შეფასებები დაემთხვა შეძვრის იმ დონეებს, რომლებსაც კვლევაში მონაწილე პირები ამ კადრების ყურებისას განიცდიდნენ.

თუ შეძვრის მთავარ განმაპირობებლად სოციალურ ურთიერთობებს მივიჩნევთ, ცხადი ხდება, რატომ წარმოიშობა ეს გრძნობა მრავალფეროვან კონტექსტებში. მაგალითისთვის, რომანტიკული ან მშობლიური სიყვარული სოციალური ურთიერთობების პროტოტიპული ფორმებია, თუმცა ამ სახის ერთობა არ მოიცავს მხოლოდ ორ ცოცხალ ადამიანს შორის კავშირებს.

ინდივიდები სოციალურ კავშირს შეიძლება გრძნობდნენ არა-ადამიანებთანაც — იქნება ეს მხატვრული პერსონაჟი თუ მთლიანი კოლექტივი. ამიტომ ამგვარი ერთეულებისადმი კოლექტიური ერთსულოვნების შეგრძნების მოულოდნელმა გამძაფრებამაც შეიძლება წარმოშვას კამა მუტა. ამით აიხსნება ფაქტი, რომ ჩვენზე ემოციურად მოქმედებს არა მარტო პატარების ცრემლები ან დიდი ხნის უნახავ საყვარელ ადამიანთან შეყრა, არამედ ჩვენი სპორტული გუნდის გამარჯვებაც, პატრიოტული სიმღერაც და ბუნების წიაღთან თუ ღვთაებრივ ძალასთან თანაზიარობაც.

სულით შეძვრა ჩვენი ემოციური სპექტრის განუყოფელი ნაწილია, რომლის არსის შესწავლასაც მხოლოდ ახლა ვიწყებთ. კამა მუტას ფენომენის კვლევა კი ნათელს ფენს ამ განცდის სოციალურ დატვირთვასა და სიღრმეს.