2018 წელს ასტრონომებმა ჩვენგან 200 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე რეგიონიდან მომავალი უჩვეულო კაშკაშა ნათება დააფიქსირეს, რომელიც თავდაპირველად სტანდარტული ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება ეგონათ, თუმცა ის ბევრად მძლავრი იყო.

AT2018cow-ის სახელით ცნობილი სიგნალის წყაროს დადგენას მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. ახლა კი აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ საქმე, სავარაუდოდ, შავი ხვრელის ან ნეიტრონული ვარსკვლავის დაბადებასთან გვაქვს. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

მათი გამოთვლებით, მაღალენერგიული რენტგენული ტალღების მილიონობით პულსს ერთმანეთისგან თანაბარი დროითი ინტერვალი აშორებდა, კერძოდ, 4.4 მილიწამი. გამოსხივება კი მაქსიმუმ 1 000 კილომეტრი სიგანის მქონე ობიექტიდან მოდიოდა, რომლის მასაც მზისას 800-ჯერ აღემატებოდა. ასტრონომიული სტანდარტებით, სწორედ ასეთია სიმჭიდროვით გამორჩეული, მცირე ზომის შავი ხვრელი ისევე, როგორც ნეიტრონული ვარსკვლავი.

"ენერგიის რაოდენობა იმაზე ბევრად მეტი გახლდათ, ვიდრე ზეახალი ვარსკვლავების ბირთვის კოლაფსს ახასიათებს. კითხვა იმაში მდგომარეობდა, თუ რა იყო ამგვარი სიმძლავრის წყარო. ეს მნათობების ჩვეულებრივი აფეთქების დროსაც ხდება, თუმცა ასეთი რამ არასდროს გვინახავს, რადგან საკმაოდ ქაოსური პროცესია", — ამბობენ ნაშრომის ავტორები.

ამ მიგნებამ შესაძლოა, სამყაროზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს და კომპაქტური კოსმოსური ობიექტების ახალი პოპულაციის აღმოჩენას დაედოს საფუძვლად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.