ოპოზიციის წევრები პარლამენტში ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრას ქართული ოცნების გენერალური მდივანი, მამუკა მდინარაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მათ მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს. მდინარაძის მტკიცებით, შეხვედრა "ოცნებას" ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ შესთავაზა.

"ერთადერთი თემა, რომელიც დღეს შეხვედრის დაორგანიზების დღესაც იყო გახმოვანებული და შემდეგ დღევანდელი შეხვედრის დროს, ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. რა მიგვაჩნია სწორად, რა მიგვაჩნია არასწორად. შეთანხმების პირობებზე ვლაპარაკობდით. მათ შორის, გავიხსენეთ ძველი შეთანხმებებიც. რა არ გააკეთეს მათ, არ გაგიკვირდებათ და მათაც ჰქონდათ აქეთ პრეტენზიები, რამდენად სამართლიანი იყო, ამაზე აღარ შევჯერდები. ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი შეხვედრაც ნამდვილად არ ყოფილა, ვერ გაგახარებთ. ბადრი ჯაფარიძემ მითხრა, რომ ხვალ ხომ არ შევხვდეთ და შევხვდით დღეს", — თქვა მან.

შეხვედრიდან პირველი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოვიდა. მისი თქმით, ოპოზიციას უბრალოდ სურდა კობახიძისგან მოესმინა, "რა უნდა ქართულ ოცნებას".

"უბრალოდ, გვინდოდა, მოგვესმინა ასე ვთქვათ, საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა ქართულ ოცნებას. რასაც გვეუბნებიან, რომ 2%-იანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში. და მეორე, რომ ვთქვათ, ამოქმედდეს ეს ცვლილება 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მაგალითად, ანუ უფრო დიდხანს გავრცელდეს, ვიდრე ახლა არის კონსტიტუციაში. მანამდე იყო 1%-იანი ბარიერი, რომელიც დღეს არის და 120/30ზე პრინციპი", — ამბობს ის.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მათ "კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". მან, ასევე, აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. 8 დეკემბერს მან თქვა, რომ საკონსტუტიციო ცვლილებების გასვლის შანსი 50/50-ზეა

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო ბარიერზე, ფრაქციების შექმნასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. პროექტის მიხევდით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა ყოფილიყო, ხოლო ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, მაჟორიტარები.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.