ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს და ვერ ხედავს რაიმე ნაბიჯის გადადგმის სურვილს მათგან, ვისაც ახლა ძალაუფლება აქვს. ბოკერია ამბობს, რომ თავს არავის ესხმის, მაგრამ მალე გამოჩნდება შერიგების პროცესი გადაიქცევა თუ არა სიმულაციად.

"მე არ მაქვს საფუძველი ოპტიმიზმის, მე ვერ ვხედავ ვისაც ახლა ძალაუფლება აქვთ, მათი მხრიდან რაიმე სახის ნაბიჯის გადადგმის სურვილს, საფუძველი არ მაქვს ოპტიმიზმის, ვიფიქრო რომ ეს პროცესი არ გადაიქცევა სიმულაციად და დეკორაციად. არავის არ ვესხმი თავს თუმცა, თუ ეს ასე არ არის ჩვენ ვიხილავთ ამას მალე. ოღონდ ჯერჯერობით რასაც ვხედავთ ბოლო წლების მანძილზე არანაირ საფუძველს არ გვაძლევს იმისა, რომ ასე ვიფიქროთ, პირიქით ეს ვითარება ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის არის სასურველი ვითარება", — თქვა მან.

10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.

მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია.

იდეას გამოეხმაურა მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სწორად დანახული დინამიკაა.

პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიც. 13 დეკემბერს, ქადაგებისას მან, ფაქტობრივად, ეკლესიის სივრცე შესთავაზა "შესარიგებლად". მეუფე იაკობმა ქადაგებისას რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლია ტყუილ-მართლის გარჩევა, მაგრამ არ აპირებს რომელიმე მხარეს დადგეს.